ხვალ ევროპის უცნაური ჩემპიონატი იწყება: თითქოს 2021 წელია, შეჯიბრება კი შარშანდელია — ევრო 2020.
რას იზამ, ასე ინება მისმა უდიდებულესობა კორონა, ქართულად გვირგვინა ვირუსმა, რომელსაც სახელად 19 ჰქვია, 20-ში მოვიდა და 21-ში გვათამაშებს.
ევრო 2020 ისედაც ექსპერიმენტული იყო. ბოლოხანს ფეხბურთის კომერციალიზაციამ დიდ ტურნირებზე გუნდების რაოდენობის გაზრდა მოითხოვა, შეჯიბრება ერთ ქვეყანაში ვეღარ ჩაეტია და გადაწყვიტეს მასპინძლად მთელი ევროპა ექციათ. შედეგად, 11 ივნისს ევროპის 11 ქალაქში დიდი ბურთაობა იწყება. ლონდონით დაწყებული ბაქოთი დამთავრებული, ყველგან გაისმება ფეხბურთის მატჩებისთვის დამახასიათებელი შეძახილები, ოღონდ ეგაა, ბეტონის კონსტრუქციის ექო ზოგ სტადიონზე უფრო ხმამაღალი იქნება, ზოგზე კი ნაკლებად — გააჩნია, რომელ ქალაქში როგორი ეპიდვითარებაა და სარბიელზე სად რამდენ მაყურებელს შეუშვებენ.
დღეისათვის ასეა: ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე, რომელსაც ადრე ნეპშტადიონი ერქვა, 67 215-ივე ქომაგს შეუშვებენ; კოპენჰაგენის პარკენ სტადიუმზე 11 236-ს. დაახლოებით 12-14 ათასი კაცის ფარგლებში იქნება დასწრება ბუქარესტში, გლაზგოსა და მიუნხენში. ჩვენი მეზობლები, ყოჩაღი ბაქოელები ნახევარ სტადიონს გაავსებენ, რაც 34 350 მაყურებლის დასწრებას ნიშნავს. ლონდონში უემბლიზე კი თავიდან 22 500 ფანი ივლის, მერე კი ვნახოთ — ნახევარფინალებისა და ფინალებისთვის უეფამ ჭიშკარი შეიძლება უფრო ფართოდაც გააღოს. საქმე ის არის, რომ ჯერ ერთი ინგლისელები პატიოსნად იცრებიან და ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება; მეორეც, ფულის ამბავია — მეტ ხალხს შეუშვებ, მეტი შემოგივა.
ამსტერდამში თამაშებს 16 000 კაცი დაესწრება, რომში 17 ათასზე მეტი, ხოლო სევილიაში — 18. პეტერბურგელები 34 ათას კაცს გაუღებენ კარს, თუმცა, უეფამ შეიძლება მეტის ნებაც დართოთ.
თავდაპირველი გეგმით ჩემპიონატი თორმეტ ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დუბლინმა კორონა ვირუსის წინაშე ხელები აწია, რის გამოც თამაშები, რომლებიც ირლანდიის დედაქალაქში უნდა გამართულიყო, ლონდონსა და პეტერბურგში გადაანაწილეს. ვერც ბასკებმა იყოჩაღეს, ტრიბუნებზე ხალხს ვერ დავსვამთო, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბილბაო სევილიით ჩაანაცვლა.
უცნაურმა დროებამ ევროფეხბურთის შეფებს სხვა წესებიც უკარნახა. მაგალითად, თუ რომელიმე გუნდს კორონავირუსი დაერევა, მთავარია 13 ფეხბურთელი მაინც დარჩეს ჯანმრთელად და მათგან ერთი მეკარე იყოს — თამაში ჩატარდება.
და რა მოხდება თუ გუნდში 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ვერ მოიძებნება? მაშინ, უეფა მატჩის ახალ თარიღს დანიშნავს, ოღონდ ისეთს, აზრი რომ ჰქონდეს — 48 საათის ფარგლებში. ჩემპიონატი უსასრულოდ ხომ ვერ გაიწელება. შეიძლება, მასპინძელი ქალაქიც შეცვალოს.
ხოლო, თუ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, მაშინ შეკრებენ კონტროლის, ეთიკის, სადისციპლინო და სხვა კომიტეტებს, რომლებიც თავაზიან, არგუმენტირებულ წერილს დაწერენ და დიდი ბოდიშის მოხდით ავადმყოფებს 0:3 წაგებას ჩაუთვლიან.
და თუ მსაჯი გახდება ავად? მას თანამემამულით შეცვლიან.
კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ვწერ ამ ამბებს და საკუთრივ ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ვლაპარაკობ. არადა, წესით ფეხბურთი უნდა იყოს მთავარი. ეტყობა, კარს მართლა უცნაური ჩემპიონატი მოგვადგა, რომელშიც, ამბობენ, ფავორიტი საფრანგეთიაო. მეორე მხრივ კი, იმასაც ამბობენ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ამიტომაც, დავიცადოთ. ვნახოთ, ვინ დაიდგამს გვირგვინა ვირუსის ჩემპიონატში გვირგვინს.