“ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ლიდერებმა – კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა ტრავმები მოიშუშეს და პარკეტს დაუბრუნდნენ.
ტაირონ ლუს გაწვრთნილმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში, მძიმე ბრძოლაში 119-117 დაამარცხა “შარლოტი” და მიმდინარე სეზონში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.
6 მატჩიანი პაუზის შემდეგ კავაი ლეონარდი პარკეტს დაუბრუნდა და სწორედ მისი ზუსტი სროლა გახდა გადამწყვეტი მატჩის მოსაგებად.
ძირითადი დროის დასრულებამდე 1,4 წამი რჩებოდა, როდესაც ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა 117-117. თანაგუნდელებმა კავაი ერთი-ერთზე დატოვეს მეტოქესთან, ლეონარდმა ლამაზი მოძრაობით “მოტეხა მოწინააღდეგე და საშუალო დისტანციიდან გამარჯვების მომტანი სროლა განახორციელა 119-117.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც ჯამში 28 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა+6 მოხსნა+2 შედეგიანი პასი მოაგროვა.
სტაბილურად გამოიყურებოდა “კლიპერსის” კიდევ ერთი ლიდერი – პოლ ჯორჯი, რომელმაც იმავე დროში 19 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მოიპოვა.
“შარლოტის” რიგებიდან გამოირჩა კელი უბრე ჯუნიორი, რომელიც მატჩის ბომბარდირი გახდა 28 ქულით, თუმცა მხოლოდ მისმა კარგმა თამაშმა ვერ უშველა “ჰორნეთსს”.
25 გამართული თამაშის შემდეგ “კლიპერსი” დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს (14-11), ხოლო “შარლოტი” აღოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მესამეა (მე-13 ადგილი, 7 მოგება, 17 მარცხი).