კავკასიური დომინაცია, ახალი ჩემპიონი და ჰასბულა – UFC 267 შედგა

UFC 267-მა მოლოდინები გაამართლა. საოცრად საინტერესო მეინ ქარდმა შეიძლება ითქვას, რომ სენსაციების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ მეინ ქარდის 6 ბრძოლიდან, 5-ში წარმოშობით კავკასიელი მებრძოლები ასპარეზობდნენ – ყველა მათგანმა გაიმარჯვა.

ანკალაევმა ოზდემირი 3 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადწყვეტილებით დაამარცხა, მსგავსად წარიმართა ვოლკოვისა და ტიბურას დაპირისპირებაც, სადაც გამარჯვება რუსს დარჩა. დიდი იყო მოლოდინები ხამზატ ჩიმაევის დაბრუნებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ჩიმაევს კორონა ვირუსი ძალიან რთულ ფორმებში ჰქონდა, იმდენად რთულში, რომ ჩეჩენი მებრძოლი კარიერის დასრულებაზეც კი აალაპარაკა. თუმცა ჩიმაევი დაბრუნდა ისე, როგორც მას შეეფერებოდა – საკმაოდ უხერხული მეტოქე, ჯინ ლინიანგი უმარტივესად დაამარცხა – პარტერში გადაყვანის შემდეგ ხამზატმა ჩინელს კისერი აიღო და მოგუდა. ჩიმაევს ამ ბრძოლაში დარტყმა საერთოდ არ მიუღია, შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა ამ ასპექტში – UFC-ს 4 ბრძოლაში მან მხოლოდ 2 დარტყმა მიიღო მეტოქისგან.

მარტივად გაიმარჯვა ასევე ხაბიბის მემკვიდრეობის გამგრძელებელმა და მისმა უახლოესმა მეგობარმა, ისლამ მახაჩევმა. მან ავსტრალიელი დენ ჰუკერი კიმურათი, ხელის მტკივნეულით პირველივე რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ორთაბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. რთული გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა რუსმა, პიოტრ იანმა. დროებითი ქამრისთვის ორთაბრძოლაში იანს ამერიკელი კორი სენდჰეგენი ეცილებოდა, რომელმაც 5 რაუნდის განმავლობაში ტოლი არ დაუდო ყოფილ ჩემპიონს. განსაკუთრებით დრამატული და ემოციური აღმოჩნდა ივენთის მთავარი ორთაბრძოლა – 42 წლის ტეიშეირამ, რომელმაც აქამდე ერთხელ უკვე ხელიდან გაუშვა ჩემპიონობის შანსი ჯონ ჯონსთან დაპირისპირების დროს, საბოლოოდ მაინც მოირგო ოქროს ქამარი. იგი UFC-ს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელი იმ დროისთვის მოქმედ ჩემპიონს, იან ბლახოვიჩს პირველი რაუნდიდანვე დომინირებდა, მეორე რაუნდში კი დომინირება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა – პოლონელი მან მახჩობელა ილეთით დაამარცხა.

ივენთის მიმდინარეობისას ყურადღების ცენტრში იყო ჰაბსულა მაგომედოვი, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტ სივრცის ვარსკლავია. იგი ბრძოლებს დენა უაითთან ერთად ადევნებდა თვალს, მახაჩევის გამარჯვების შემდეგ კი ხაბიბმა იგი ოქტაგონზეც კი აიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *