“კაკაია ბოლ!” რუსეთი-უკრაინა, 88-ე წუთი… (ისტორია ვრცლად+video)

„კაკაია ბოლ, კაკაია ბოლ…“ შევჩენკო-ფილილონოვის ამბები, გაოგნებული რუსები, გახარებული უკრაინა და სიგიჟე ტელევიზორებთან.

ეს ამბავი 1999 წლის 9 ოქტომბერს მოხდა, მოსკოვის ლუჟნიკებზე. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ბოლო მატჩი. საფრანგეთი პირველზეა და მეორეზე ვინ გავა? ან რუსეთი, ან უკრაინა. მასპინძელს მოგება სჭირდება, უკრაინას კი ქულაც ჰყოფნის.

მცირე რაკურსი, რაც მანამდე ხდებოდა: ჯგუფი რომ დაიწყო, უკრაინამ რუსეთს შინ 3:2 მოუგო… სიტუაცია აურია საფრანგეთმა, რომელმაც 1999-ის სექტემბერში შინ მოულოდნელად წააგო რუსებთან – 2:3. გახსოვთ ალექსანდრ პანოვი? ორი გოლი გაუტანათ პარიზში. ამ მოულოდნელი შედეგის გამო იყო, რუსებმა შანსი რომ დაიტოვეს.

მივადექით მთავარ თამაშს. ლამის წითლად შეიღება მინდორი. უხეშობა, იდაყვების ქნევა, წვივებში ჩარტყმა – მახსოვს, ანდრეი შევჩენკოს საფეთქელთან ახლოს სისხლი წამოუვიდა, ბეწვზე გადარჩა.

იმ დროს კიევის დინამო მშვენიერი გუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ნახევარფინალისტი. შევა უკვე გადასული იყო მილანში და საოცარ ფორმაში გახლდათ. უკრაინას ჰყავდა ასევე სერგეი რებროვი, საყრდენი ანდრეი გუსინი (აწ გარდაცვლილი), კარგი მეკარე ანდრეი შოვკოვსკი, არსენალის მცველი ოლეგ ლუჟნი და სხვა ჯანიანი ბიჭებიც. მწვრთნელი იოზეფ საბო.

რუსებს არ ჰყავდათ შევჩენკო, თუმცა ნახევარდაცვა ბევრად ძლიერი თავისი კარპინ-ალენიჩევ-ტიტოვით.

თანაბარი თამაში იყო და 75 წუთი ისე გავიდა, გოლი ვერ ვნახეთ. არადა, მომენტები ზედიზედ. კარპინმა გააკეთა საქმე: საჯარიმო ძალაზე გათვლით დაარტყა და რუსები წინ გავიდნენ…

ზუსტად მახსოვს, პატარა ტელევიზორში ვუყურებდით აკუმულატორზე, რადგან შუქი არ იყო. ჩაგვწყდა გული ბიჭებს. საშველი თითქმის არ ჩანდა და პატარა სასწაული მოხდა: ჯარიმა დაინიშნა სადღაც მარცხნივ, არანაირი ხიფათი…

ანდრეი შევჩენკომ ჩააწოდა და მეკარე ალექსანდრ ფილიმონოვმა იქ თოვლის ბაბუასავით საჩუქარი გააკეთა – 1:1. ეს მოხდა 88-ე წუთზე.

უკრაინელები კინაღამ გაგიჟდნენ. ხუმრობა იყო, რომ შევა იგივეს აკეთებდა ბოლო წამებზე და ფილიმონოვს ამით თითქოს დასცინა. მეორე აღარ გაუშვა ფილიამ, თუმცა ამით რა – უკრაინა გავიდა.

როგორი კომენტარები იყო თამაშის შემდეგ? რა ხდებოდა? გასკდა ამბავი, რომ მატჩის წინა დღეებში რუსეთის ნაკრების ბაზაზე მღვდელი მიიყვანეს და იქ ნაკრების ყველა ფეხბურთელი იყო… ფილიმონოვის გარდა. აი, როგორ ახსნა ეს მეკარემ.

„მე არც სპარტაკში არ დავდიოდი მსგავს შეხვედრებზე. სიმართლე გითხრათ, ღმერთის არ მწამს“.

თუმცა როცა ასეთ დროს ასეთ გოლს უშვებ, ბუნებრივია, სხვა ეჭვებიც ჩნდება – ჩაწყობა? აზრი ორად გაიყო. იმ შესარჩევში მანამდე მშვენივრად მოთამაშე ფილიმონოვი ან ღმერთმა დასაჯა, ან რაღაც სხვა სუნი ასიოდა საქმეს.

ფილიმონენკო – ასეც ეძახდნენ, უკრაინული დაბოლოება მიაკუთვნეს. მას გაახსენეს ეს გოლი და აი, რა თქვა.

„20 წლის წინანდელი? ვერ ვიტყვი, რომ არ მახსოვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ კოშმარები მაქვს. ხალხს თუ მეტი გასახსენებელი არაფერი აქვს, რა ვთქვა… მაზოხიზმის ახალი ფორმაა? რამე კარგი გაიხსენეთ, მიკვირს სულ ცუდზე ლაპარაკობთ“.

რუსებს ჰყავდათ საყრდენი დმიტრი ხოხლოვი, კარგი ფეხბურთელი გახლდათ, პსვ-სა და სოსიედადში თამაშობდა. მას უკრაინასთან მატჩში, ბოლო წუთებზე საგოლე მომენტი ჰქონდა და აი, რა დაწერა მეორე დღეს ერთ-ერთმა რუსულმა გაზეთმა:

„«Бей, Хохлов, спасай Россию» (მიხვდებით, ანუ ხახოლებს დაარტყიო). პოლიტიკა, პოლიტიკა…

და კიდევ, ამ მატჩს ესწრებოდა ვლადიმირ პუტინი – ოღონდ, მაშინ პრემიერ-მინისტრი გახლდათ.

ხმაურიანი განცხადება უკრაინელთა მწვრთნელმა საბომ გააკეთა – არანორმალური სიხარულია, ჯავრი ამოვიყარეო… საბო ზოგადად ხშირად აკეთებდა ანტირუსულ განცხადებებს. 2020 წელსაც თქვა.

“ისინი თავს გვესხმიან. არანაირი კონტაქტი ამ ქვეყანასთან. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ”.

სხვა საქმეა, რომ უკრაინა მაინც ვერ მოხვდა ევროპაზე: ფლეი-ოფში სლოვენიასთან წააგო თოვლსა და ქარბუქში.

 

+ V i d e o

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *