წარმატებული სტარტი აიღო „უიმბლდონის“ გრანდ სლემზე ოქსანა კალაშნიკოვამ.
ტურნირის პირველ წრეში კალაშნიკოვა/გრაჩევას დუეტმა 6:3 6:4 სძლია ბაინსი/მიურეის წყვილს და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა.
ქართულ- რუსული ტანდემი ფავორიტად მიიჩნეოდა მატჩის დაწყების წინ და მათ მოლოდინი აბსოლიტურად გაამართლეს.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე წყვილი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.
სიტუაცია მე-6 გეიმში დაიძაბა, როდესაც კალაშნიკოვა/გრაჩევას წყვილმა პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და ბრეიკით დაწინაურდა 4:2.
მომდევნო გეიმში ბაინსი/მიურეის წყვილს ქონდა სამი ბრეიკპოინტი, თუმცა ოქსანამ და ვარვარამ ეს საფრთხე გაჭირვებით მოიგერიეს და მალევე სეტი სათავისოდ დაასრულეს 6:3.
მეორე პარტიის სტარტი ფავორიტებს ბევრად უკეთესი გამოუვიდათ. საწყისი 4 გეიმი მოიგეს და სოლიდური ჰანდიკაპით გავიდნენ წინ 4:0.
1:5-ზე ბრიტანული წყვილი გამოფხიზლდა, ზედიზედ 3 გეიმის მოგებით შეხვედრაში ინტრიგაც დააბრუნა 4:5.
ქართულ-რუსულმა წყვილმა შეძლო მობილიზება, მე-10 გეიმში მეხუთე მატჩპოინტის რეალიზება შეძლო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
კალაშნიკოვა/გრაჩევას დუეტი „უიმბლდონის“ მეორე წრეში დიას/როდიონოვას წყვილს შეხვდება, რომელთაც თავისმხრივ პირველ რაუნდში სენსაციურად მოუგეს ბაბოში/მლადენოვიჩის წყვილს 6:1 6:2.
სამწუხაროდ უიმბლდონის ტურნირს წყვილთა თანრიგიდანაც გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველი რაუნდის მატჩში ბასილაშვილი/ალბოტის წყვილმა 6:3 2:6 2:6 წააგო ფუქსოვიჩი/ტრავალიას ტანდემთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტზე საკთარი ჩაწოდების შენარჩუნება გაუჭირდა ქართულ/მოდოვურ წყვილს, თუმცა 3 ბრეიკპოინტი მოიგერიეს და ეს რთული ეტაპი გადალახეს.
მე-8 გეიმში ნიკამ და რადუმ პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლეს და მალევე სეტიც სათავისოდ დაასრულეს 6:3.
მეორე და მესამე სეტებში ფუქსოვიჩი/ტრავალიას დუეტი დომინირებდა. მათ ჯამში 4 ბრეიკი შეასრულეს (2-2 თითოეულ სეტში), საკუთარი ჩაწოდება აღარ დაუკარგავთ და 87 წუთში გამარჯვებაც იზეიმეს.
ალბოტი/ბასილაშვილის წყვილმა ATP TOUR-ზე ზედიზედ მე-9 შეხვედრა წააგო.