ოქსანა კალაშნიკოვა აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე. კალაშნიკოვა/პარქსის დუეტმა პირველ რაუნდში 6:3, 5:7, 6:2 მოუგო იტალიურ ტანდემს – ტრევიზიანი/პაოლინის, მეორე წრის შეხვედრაში კი ლიუ/სანტამარიას წყვილს სძლია 6:1 4:6 6:2.
შეხვედრის სტარტი ქართულ/ამერიკულ დუეტს იდეალური გამოუვიდა – საწყისი 4 გეიმი მოიგო და დიდი სხვაობით დაწინაურდა. 37 წუთში ფავორიტებმა პირველი სეტი საკმაოდ მარტივად მოიგეს 6:1.
მეორე პარტიაში ამჯერად ლიუ/სანტამარიას ტანდემი გააქტიურდა – ჯერ მესამე გეიმში გაახერხა ბრეიკი, მეხუთეში კი 5 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. კალაშნიკოვა/პარქსის დუეტი მეტოქის ჩაწოდებაზე უბრალოდ უშანსოდ გამოიყურებოდა და ლოგიკურად სეტებს შორის ანგარიშიც გათანაბრდა 1-1 (1:6 6:4).
მესამე, გადამწყვეტ სეტში ქართულ/ამერიკულმა წყვილმა დროულად მოახერხა მობილიზება და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა – ამჯერადაც საწყისი 4 გეიმი მოიგო და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნა 2 ბრეიკიანი ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე.
კალაშნიკოვა/პარქსის წყვილი ტურნირის მესამე რაუნდში გავიდა, სადაც დიდი გამოცდა ელის. ქართულ/ამერიკულ დუეტს ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილი ჩეხური წყვილი ელოდება ბარბორა კრეიჩიკოვა/კატერინა სინიაკოვა.