კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა ქალთა პრესტიჟული ტურნირი, რომლის გამარჯვებული კამილა ჯორჯი გახდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში 6:3 7:5 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში ყველაზე მაღალ რეიტინგიანი ტურნირი მოიგო.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე.
3:3-ზე კამილა აფეთქდა და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით სეტში გამარჯვებას მიაღწია 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე ჯორჯი ბრეიკიანი უპირატესობით გავიდა წინ 3:1, თუმცა ჩეხმა ჩოგბურთელმა დროულად მოახერხა გამოფხიზლება და ანგარიშში წონასწორობის აღდგენა 3:3.
თითქოს სეტის ბედი ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, თუმცა 5:6-ზე კამილამ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში პირველად მოიგო 1000-იანი ტურნირი.
იტალიელმა ჩგბურთელმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო(ჰერტოგენბოსხი 2015, ლინცი 2018).
ჯორჯი სეზონის დასაწყისში 1:5-ს აგებდა ურთიერშეხვედრებში კაროლინა პლიშკოვასთან, თუმცა 2021 წელს სამი მატჩი მოუგო ჩეხ ჩოგბურთელს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 4:5 (ისტბურნი, ოლიმპიადა, მონრეალი).
კამილა ჯორჯიმ(N 71) მონრეალის ტურნირის მსვლელობისას მოუგო 6 ისეთ მოწინააღმდეგეს, რომლებიც რეიტინგში მასზე მაღლა იდგნენ (მერტენსი, პოდოროშკა, კვიტოვა, გაუფი, პეგულია, პლიშკოვა).
იტალიელმა ჩოგბურთელმა კანადის ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი წააგო (ჯესიკა პეგულიასთან).
2021 წლის ივნისიდან, კამილამ 20 გამართული მატჩიდან 16 მოიგო.
ჯორჯი ბრწყინვალედ თამაშობს ტოპ 20-ის მოთამაშეებთან – უკანასკნელი 8 მატჩიდან 7-ში იმარჯვა.
კანადის მასტერსის მოგების ფონზე, იტალიელმა ჩოგბურთელმა რეიტინგში 37 პოზიცია მოიგო და ამჟამად უკვე მსოფლიოს 34-ე ჩოგანია.