ფოტო კანადა-მექსიკის მატჩიდან… მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზე კანადაა და დიდი შანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს. კანადა უსწრებს მექსიკას, აშშ-ს, კოსტა-რიკას. ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია!
წარმოიდგინეთ, კანადას 8 მატჩში 4 მოგება, 4 ფრე აქვს და წაგება არ იცის. ზედიზედ სამჯერ მოიგო, მათ შორის, მექსიკასთან 2:1. სხვათა შორის, ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად მოახერხეს მათი დამარცხება შესარჩევში.
როგორ ახერხებენ? დავიწყოთ ძლიერი თაობით. მთავარი მიზეზი ესაა. ჯერ მარტო ალფონსო დევისი ბაიერნიდან. უსწრაფესი და ტექნიკური ცაცია, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი; ჯონათან დევიდი ლილიდან (გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო გენტში); მექსიკელებთან დუბლის ავტორი კაილ ლარენი ბეშიქთაშიდან…
ამასთან, კანადელებს ბოლო თამაშებში ერთი დიდი პლუსი ჰქონდათ. ყინვა. კოსტა-რიკასთან და მექსიკასთან, ამ ცხელ და მზიანი ქვეყნის ნაკრებებს ედმონტონში უმასპინძლეს: კონტინენტური კლიმატის ზონაში, სადაც კანადის კვალობაზეც კი ყინვაა. პირველი თამაში მინუს 3, მეორე კი მინუს 6 გრადუსში ჩატარდა…
თოვლი ზედ თამაშის წინ გადაწმინდეს, მაგრამ ყინვას რას უზამდნენ სამხრეთელები?
ჯონ ჰერდმანი (კანადის ნაკრების მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, მეტოქეს სიტუაცია გაურთულდა. ისინი იძულებულნი იყვნენ, სხვა საათობრივ სარტყელში, სხვა ამინდში და სხვა საფარზე ეთამაშათ. ჩვენ აკლიმატიზაციის დრო გვქონდა, მათ არა“.
ფიფას არ აქვს ყინვის დროს თამაშის აკრძალვის პუნქტი, მაგრამ ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირმა გამოაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა მინუს 15 გრადუსზე მეტ სიცივეში გუნდებმა არ ითამაშონ.
კანადა მხოლოდ ერთხელ იყო მუნდიალზე. 1986 წელს მექსიკაში, სადაც ჯგუფში სამივე მატჩი წააგო: საფრანგეთთან, საბჭოთა კავშირთან, უნგრეთთან.
ერთსაც შეგახსენებთ: 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი 3 ქვეყანაში გაიმართება: კანადაში, მექსიკაში, აშშ-ში…