საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გერმანიის ნაკრებთან გამართავს. ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
სამატჩო შემადგენლობამ ერთი საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადაიმეორა კომბინაციები, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი ლევან მაისაშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ გააკეთეს.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„წლის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული რაზე დავაშენებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებს. ტრავმებიდან გამომდინარე გვაქვს დანაკლისი. გარდა ამისა, შემადგენლობაში არის როტაცია. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს მოთამაშეები საქმეში ვნახოთ და ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტები. ვფიქრობ, შეხვედრას კარგად მომზადებულები ვხვდებით და, ძალიან დიდი იმედი მაქვს, კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
როდესაც ესა თუ ის მოთამაშე სანაკრებო სივრცეში შემოდის, იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე მიიღებს თამაშის შანსს. ახალი ბიჭები ჩვენთვის კარგად არიან ნაცნობი, დიდი ხანია ჩართულნი არიან საწვრთნელ პროცესში, უბრალოდ, მათი თამაშის შესაძლებლობა აქამდე არ მოგვეცა. მათგან ორი შავ ლომში თამაშობს, კარგად იცნობენ გუნდის სათამაშო სისტემას, მაღალ დონეზე აქვთ სარაგბო უნარები და ერთადერთი სანაკრებო თამაშების გამოცდილება ჭირდებათ.”
ვასილ ლობჟანიძე, საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი:
“გერმანია წლეულს დაწინაურდა და შეეცდება დაამტკიცოს რა შეუძლია. ჩვენ გასული წელი მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ და ვიმედოვნებ ახალი წლის დასაწყისიც კარგი გვექნება. მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ლამაზი, ლაღი თამაშის მოლოდინი გვაქვს.”
შეგახსენებთ, მატჩი კვირას 13 საათზე დაიწყება.
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე.
1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ლომიძე, 23. ლაშა ხმალაძე