ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დასრულდა მამაკაცთა 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ჩოგანმა ასლან კარაცევმა 6:3 6:3 სძლია ენდი მარეის და კარიერაში მესამე ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი რუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – პირველსავე გეიმში მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა 1:0.
ასლანი მთელი სეტის განმავლობაში დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ჰანდიკაპს და მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ შეძლო ბრიტანელის ჩაწოდების მოგება 6:3.
მეორე სეტიც კარაცევის დომინაციით დაიწყო – ზედიზედ 3 გეიმის მოგების შემდეგ 3:0 დაწინაურდა. მარეიმ გაიბრძოლა, ჯერ მეოთხე გეიმი მოიგო(1:3), ხოლო მეხუთეში ოთხი ბრეიკპონტი გამოიმუშავა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
რუსმა ჩოგბურთელმა წნეხს გაუძლო, ჯერ გეიმი მოიგო, ხოლო შემდეგ კი მატჩიც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 6:3 6:3.
ასლანმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო (დუბაი 2021, მოსკოვი 2021, სიდნეი 2022) და ორშაბათიდან რეიტინგის ტოპ 15-ში დაბრუნდება.
ადელაიდა 2-ის ტურნირის ფინალში(250 იანი კატეგორია) ტანასი კოკინაკისმა 6:7 7:6 6:3 სძლია არტურ რინდერკნეხს და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. 25 წლის ავსტრალიელმა
ჩოგბურთელმა გასულ კვირას ადელაიდა 1-ის ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია, დღეს კი უკვე ადელაიდა 2-ის მოგება შეძლო.
ამჟამად ტანასი მსოფლიო რეიტინგში 145-ე პოზიციაზე იმყოფება, ორშაბათიდან კი 42 საფეხურს “გადაახტება” და 103-ე ჩოგანი გახდება.