კარგი თამაში, მოგება და ბათუმში გამწარებული შვედეთი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. მატჩი ჩვენ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ნავალოვსკი გააცილეს, რომელიც ეროვნულ გუნდში 2008-20 წლებში გამოდიოდა და ჯვაროსანთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა.

ამის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჯაბა კანკავას სპეციალური პრიზი გადასცა, რომელიც იმ ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ნაკრებში 100 მატჩს ჩაატარებენ. კანკავამ ნაკრების მაისურით მეასე შეხვედრა 1 თვის წინ საბერძნეთთან გამართა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ ვილი სანიოლი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო აკლდა.

პირველი სახიფათო მომენტი მე-14 წუთზე შეიქმნა. კაკაბაძის უხეში შეცდომის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა ისაკს უპასა, მისი დარტყმული ლორიამ მოიგერია, შემდეგ კრაფტმა დაამატა და ხოჭოლავამ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

23-ე წუთზე შვედები გატანასთან კვლავ ახლოს იყვნენ. ისაკის გადაცემის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა ახლოდან თავით დაარტყა და ბურთს ლორია დაეუფლა. მალევე ჩვენებსაც შეეძლოთ გატანა, თუმცა გვილიას დარტყმული კარს ასცდა.

ჩვენებს შეტევის ორგანიზება ასე თუ ისე კარგად გამოსდიოდათ, ეს განსაკუთრებით კვარაცხელიაზე ითქმის, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა.

32-ე წუთი იქნებოდა, როცა ისაკი ლორიასთან ერთი ერთზე დარჩა და გამოცდილი კიპერის კარი კვლავ აუღებელი იყო. სათქმელია, რომ გიორგიმ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და ჩვენებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე გამორჩეული იყო გურამ კაშია.

ანგარიშის გახსნის საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა საბა ლობჟანიძეს. კვეკვესკირმა აზაროვს მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი პასი გაუკეთა, ირაკლიმ საბას დიაგონალური გადაცემა მისცა და მე-11 ნომრის დარტყმული კარს ასცდა.

მეორე ტაიმი შვედებმა უკეთ დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს. თამაში უმეტესად ჩვენს ნახევარზე იყო და შეტევაში გადასვლა ჭირდა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა იბრაჰიმოვიჩს, რომლის დარტყმული ჯარიმა კარს ასცდა.

სამაგიეროდ 60-ე წუთზე საპირისპირო კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა დასრულდა გოლით. ოქრიაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მეკარის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა და სკანდინავიელთა კარი აიღო.

ხვიჩას დუბლის შესრულებაც შეეძლო, კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი გაჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ოლსენმა მოიგერია.

როგორც აღმოჩნდა დუბლი დროის ამბავი ყოფილა. 77-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი შვედების ნახევარზე მიიღო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ერთი ერთზე შეაგდო.

ამის შემდგომ შვედები უფრო უტევდნენ, თუმცა ქართველები დაცვაში საიმედოდ იდგნენ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და დიდი ალბათობით მე-3 ადგილზე გავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *