ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. მადრიდის რეალი შერიფს უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩზე კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.
“მე არ მყავს A და B გუნდები. მე ყოველთვის იმის მიხედვით ვარჩევ თერთმეტეულს, თუ ვინ როგორ ფორმაშია. შესანიშნავია როცა მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო, ისკო, ასენსიო, ვალვერდე და კამავინგა გყავს. ასეთ ძლიერ ნახევარდაცვასთან იშვიათად მიმუშავია.
პრობლემები უმეტესად შედარებით სუსტი მოთამაშეების არჩევისას წარმოიქმნება. აქ გარკვეული ხარვეზებია, რომლის გამოსწორებასაც მაქსიმალურად შევეცდებით.
ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამ ტურნირის ყველა მატჩს მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. შერიფი კარგი გუნდია და მოლდოველებთან სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებულია და შეტევაში მშვენივრად მოქმედებს, ამიტომ მათგან საფრთხეა მოსალოდნელი.”-განაცხადა რეალის თავკაცმა.