მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა კასპერ რუუდმა სან-დიეგოს ტურნირის ნახევარფინალში 6:4 4:6 6:4 მოუგო ბულგარელ გრეგ დიმიტროვს და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი გრეგს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა კასპერმა დროულად მოახერხა მეტოქის ჩაწოდების აღება და წონასწორობაც აღადგინა 2:2.
სეტის მიწურულს, მე-9 გეიმში რუუდმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და სემდეგ წარმატებით ჩააწოდა პარტიის მოსაგებად – 6:4.
მეორე სეტის სტარტზე ამჯერად ნორვეგიელი ჩოგბურთელი გავიდა წინ ადრეული ბრეიკით და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კასპერი 2 პარტიაში მოიგებდა მატჩს, თუმცა დიმიტროვი „გამოფხიზლდა“, შეცვალა ტაქტიკა – გაცილებთ უფრო რისკიანად ათამაშდა, რამაც მას შედეგი მოუტანა – ბულგარელმა მე-4 და მე-10 გეიმებში შერულებული ბრეიკების ხარჯზე სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 4:6 6:4.
მესამე სეტის სტარტზე თამაში „აირია“ – ბიჭები მიღებაზე ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარ ჩაწოდებაზე, რამაც ზედიზედ 4 ბრეიკი გამოიწვია – 2:2.
გრეგი ორჯერ იგებდა ბრეიკიანი უპირატესობით, თუმცა ეს ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნა, მე-7 გეიმში საკუთარი ჩაწოდება მესამედ დათმო, რასაც მატჩის წაგებაც მოყვა 4:6 6:4 4:6.
მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კასპერის ანგარიშზე 3 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი იყო. თავისმხრივ დიმიტროვმა 4 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა და 6 ბრეიკპოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო.
22 წლის ნორვეგიელი მიმდინარე სეზონში მეხუთედ გავიდა ATP-ის ტურნირების ფინალში, კარიერაში კი მერვედ (5:2 წინა 7 ფინალში). კასპერს მშვენიერი შანსი აქვს გახდეს პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელსაც 2021 წელს 5 ტიტული ექნება მოპოვებული.
რუუდი პირველად გავიდა ჰარდის საფარიანი ტურნირის ფინალში, წინა 7 ფინალი მას გრუნტის საფარზე ქონდა ნათამაშები.
სან-დიეგოს გადამწყვეტ შეხვედრაში რუუდის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში 3:6 6:3 6:4 სძლია რუს ანდრეი რუბლიოვს.