ა.შ.შ-ს ქალაქ სან-დიეგოში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კასპერ რუუდმა 6:0 6:2 გაანადგურა კამერონ ნორი და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო.
შეხვედრის წინ დიდი ინტრიგა იყო – ორივე ფინალისტს მიმდინარე სეზონში 4-4 ტიტული ქონდა მოგებული და სან-დიეგოს ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 2021 წლის ATP TOUR-ზე, რომელსაც 5 ტურნირი ექნებოდა მოგებული.
ფინალურ მატჩში ბრძოლა ფაქტობრივად არ შედგა – საწყისი სეტი კასპერმა 27 წუთში 6:0 მოიგო. მეორე პარტიის სტარტზე ნორიმ თითქოს გაიბრძოლა და 4 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო, თუმცა ბრიტანელს ამის შემდეგ ისევ ჩავარდნა დაეწყო, ზედიზედ 4 გეიმი წააგო და მასთან ერთად მატჩიც 0:6 2:6.
პარარელურ რეჟიმში დასრულდა სოფიას 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალშიც იანიკ სინერმა 6:3 6:4 დაამარცხა გაელ მონფილსი და ბულგარეთის დედაქალაქში შარშან მოგებული ტიტული წელს წარმატებით დაიცვა.
20 წლის იტალიელმა ტრიუმფატორმა ტურნირის მსვლელობისას ყველა შეხვედრა 2 სეტში მოიგო. ATP-ის მიმდინარე სეზონში იანიკმა მესამე ტიტული მოიგო (მელბურნი, ვაშინგტონი), კარიერაში კი ჯამში მეხუთე.