მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, სერბის დამატება რომას სურს. მეტიც, 33 წლის ნახევარმცველით პირადად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული. რომას საქმეს ისიც გაუადვილებს, რომ მატიჩს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბრიტანელები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ.
მატიჩი მანჩესტერში სწორედ მოურინიოს მწვრთნელობის დროს მივიდა. პორტუგალიელის ოლდ ტრაფორდზე ყოფნისას, ნემანია გუნდის ძირითადის წევრი იყო და მოურინიოს ერთერთ საყვარელ შეგირდად ითვლებოდა.
მატიჩმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში 16-ჯერ დაიწყო და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება რომას, ჯალოროსი სერია ა-ში 60 ქულით მე-6 ადგილზეა და ბოლო ტურში ტორინოს შეხვდება. გუნდი კონფერენს ლიგის ფინალშიცაა, სადაც 25 მაისს ფეიენოორდს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელი გახდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა ექნება მოგებული.