რა მახსოვს, იცით? 81-ში თასების თასი რომ ავიღეთ, მეორე თუ მესამე დღეს, დინამოს გადაღმა, დეზერტირების ბაზრისკენ, თაღიანი ეზოს წინ შოთა ხინჩაგაშვილი დავინახე. გაგონილი მქონდა, აქ ცხოვრობსო. ადრე არასდროს მენახა. იმ დღეს კი ეტყობა მოჭარბებულმა სიხარულმა ქუჩაში ჩამოიყვანა. არ დაგიმალავთ, დანამდვილებით დღესაც არ ვიცი მართლა ცხოვრობდა ხინჩაგაშვილი იქ თუ არა, მაგრამ რომ იდგა ნაღდია.
შოთა ხინჩაგაშვილი ცოცხლად დავინახე. ეს ჩემთვის, მეათე კლასელი ბიჭისთვის დიდი ამბავი იყო, მაგრამ მერჩივნა ეკრანზე მენახა; იმ ფოტოზე ყოფილიყო, დინამომ დიუსელდორფში, კარლ ცაისთან მოგების შემდეგ რომ გადაიღო. ჯერ ერთი იმიტომ მერჩივნა, რომ ხინჩაგაშვილი უდიდესი მცველი იყო და მასთან ერთად ფინალში ჩვენი დაცვა შეუვალი იქნებოდა, მეორეც კი იმიტომ, რომ ეს წესიერი კაცი ყველას გვიყვარდა და ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატების დღეს მოედანზე რომ არ იყო, მეწყინა. მაინცდამაინც ფინალის წინ დაუგროვდა ორი ყვითელი.
ვინმე იკითხავს, მოედნის მიღმა ნანახი არ გყავდა და რა იცი წესიერი კაცი რომ იყოო. ვიცი. იგრძნობა. ფეხბურთი ცხოვრების მოდელია და იქ ყველაფერი ჩანს.
ხინჩაგაშვილი გვიყვარდა ყველას. ხალხს, რომელთა არსებობის შესახებ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა და დაბლიდან ტრიბუნებს რომ ახედავდა ალბათ ერთ მუქ მასად აღიქვამდა.
წლების მერე, სარბიელში რომ ვმუშაობდი, რუბრიკა გვქონდა — ქართველები საბჭოთა ნაკრებში. ავტორებმა ფეხბურთელები გავინაწილეთ. ხინჩაგაშვილი გიო ახვლედიანს ერგო, აკა მორჩილაძეს. გიომ დიდებული წერილი დაწერა — „ოფიცერი“ — და… მერე ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. წერილის გამოსვლიდან ერთ-ორ დღეში, რედაქციაში სათნო ქალბატონი მოვიდა, შოთა ხინჩაგაშვილის მეუღლე ვარო. ყველას მორიდებით, ძალიან გულწრფელად მადლობა გვითხრა და წავიდა.
კიდევ კარგი, ამ ამბავს შევესწარი. ვისაც გაზეთში უმუშავია, გამიგებს. ყველაფერი მინახავს: წყენა, მუქარა, ვიღაცების მოგზავნა… ასეთი ზარიც კი ყოფილა, ჩემმა ძმაკაცმა დღეს ცუდად ითამაშა და ხვალ ეს ამბავი გაზეთში არ ეწეროს, თორემ იცოდეთ მოვვარდებიო, მაგრამ სიყვარულით დაწერილი წერილის შემდეგ ვინმე მოსულიყო და უბრალო მადლობა ეთქვა, ერთადერთხელ მოხდა.
ისე, ერთ სასაცილო ისტორიასაც შევესწარი. ხინჩაგაშვილი დაშავდა. მოედანზე წევს. ექიმები მისკენ გარბიან. ჩემ გვერდით, მეორე იარუსზე, მსუქანმა კაცმა აღარ იცის რა ქნას. ღელავს, შოთას რამე სერიოზული ხომ არ მოუვიდაო. მერე წამოდგა და დაიძახა: -ე, ადე ….! (ცუდი სიტყვით მიმართა). ვერასდროს ვიფიქრებდი ცუდ სიტყვაში ამხელა სიყვარულის ჩაქსოვა თუ შეიძლებოდა. როგორც შეეძლო ისე მოეფერა. მთელი გრძნობა გადმოღვარა.
მაგრამ, ეს ყველაფერი ემოციაა. როგორც ფეხბურთელი კი შოთა ხინჩაგაშვილი უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი იყო. ის იყო გონიერი მოთამაშე, რომელიც ზუსტად გრძნობდა სივრცეს, სიჩქარეს, მისკენ მომავალი შეტევის მიმართულებას, განვითარებას. ის იყო ტექნიკური, მოქნილი, დაკვირვებული, სწრაფი და იმავდროულად დინჯი. როდესაც ხინჩაგაშვილი მოედანზე იდგა, სხვა მცველებს შეეძლოთ გაბედულად წასულიყვნენ წინ, შეტევას დახმარებოდნენ. იცოდნენ უკან ვისაც ტოვებდნენ. ის იყო ერთგული და თავდადებული.
შოთა ხინჩაგაშვილი 70 წლის გამხდარა და მე, მისთვის ტრიბუნის ერთმა შავმა წერტილმა მინდა საყვარელ ფეხბურთელს იუბილე მივულოცო.