ტიერი ანრი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მონაკოს, არსენალის, ბარსელონასა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.
კაცი, რომელზედაც ლიონელ მესიმ წლების შემდეგ თქვა:
„როცა ბარსელონას გასახდელში პირველად შემოვიდა, თვალს ვერ ვუსწოდებდი. ვიცოდი რა ამბებს ატრიალებდა ინგლისში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. მე კი მაკვირვებდა როგორ შეეძლო ასეთი სიმსუბუქით, იოლად გოლების გატანა. ვერც კი ვიჯერებდი, რომ უკვე მისი თანაგუნდელი ვიყავი.“
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მან სამწვრთნელო ასპარეზზე მოსინჯა ძალები, მაგრამ ჯერჯერობით ხეირიანი არაფერი გამოუვიდა. საინტერესოა, რას აკეთებს ამაჟამად?
თუმცა, ცოტა შორიდან დავიწყოთ. ბუცების კედელზე დაკიდების შემდეგ, ანრიმ ბრიტანულ ტელეარხ Sky Sports-ზე დაიწყო ექსპერტად მუშაობა. პარალელურად სამწვრთნელო კურსებს ესწრებოდა ლიცენზიის მისაღებად.
2015 წელს ის არსენალში დაბრუნდა, ოღონდ განსხვავებულ რანგში. კლუბის ერთ-ერთი ახალგაზდული გუნდის დამრიგებელი გახდა. წელიწადნახევარი იმუშავა და წავიდა. მიზეზი ბანალური გახლდათ. ვენგერმა მას ულტიმატუმი წაუყენა, ან კლუბი, ან ტელევიზია. ანრი არჩევანისთვის მზად არ აღმოჩნდა და წავიდა.
მალე მას ბელგიის ნაკრებში დაუძახეს. რობერტო მარტინესის თანაშემწე გახდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიელების ოქროს თაობას ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ. ტიტული ვერა, მაგრამ ბრინჯაოს მედელები კი მოიპოვეს. ტურნირის დასრულების შემდეგ ანრიმ ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ განაცხადა, სამწვრთნელო საქმიანობაზე სურდა მთელი ყურადღების გადატანა
პირველი მიწვევა იმავე წლის შემოდგომაზე მიიღო მშობლიური მონაკოსგან. გუნდს განახლება სჭირდებოდა და მიიჩნიეს რომ ანრი ამ ამოცანას კარგად გაართმევდა თავს. სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მერე აღმოჩნდა, რომ საეჭვო ავანტიურასთან ჰქონდათ საქმე. ანრი გამოუცდელი იყო და ისევ ფეხბურთელივით აზროვნებდა. ვერ ხვდებოდა, რატომ არ გამოსდიოდათ მოთამაშეებს ის, რასაც თავად აკეთებდა.
შედეგად, ლამის ნახევარ გუნდს წაეჩხუბა. გუნდი გასავარდნ ზონაში დაეშვა და 2019 წლის იანვრის ბოლოს კლუბმა მისი გათავისუფლების შეახებ გამოაცხადა.
ამ ამბავმა ძალიან დასწყვიტა გული. ევროპელი მენეჯერები კი მიხვდნენ, რომ ანრი-მწვრთნელი საუკეთესო არჩევანი არ იყო. სამაგიეროდ კანადაში გამოუჩნდა მსურველი. იმავე წლის ნოემბერში მან მონრეალ იმპექტი ჩაიბარა, თუმცა წარმატებას ვერც იქ მიაღწია. 2020 წელს გუნდი MLS-ის ფლეი ოფში ვერ მოხვდა. ამის მიუხედავად, ანრიმ თანამდებობა მაინც შეინარჩუნა. თუმცა მალევე თავად ცოტა უცნაურად წავიდა. ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რაში იყო საქმე.
წლეულს მაისში ტიერი ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა. მაგრამ ამჯერად მარტინესთან თანამშრომლობა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა. გუნდი ევრო 2020-ზე ჩავარდა და ანრი ისევ წავიდა.
ამჟამად ისევ ტელეჟურნალისტად მუშაობს, ოღონდ არა ინგლისში, არამედ აშშ-ში და ტელეარხ CBS-ზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს განიხილავს. მისი თქმით, ამერიკელებთან ევროპულ ფეხბურთზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ამასთან, ბოლო დროს სოციალურ ქსელებშიც გააქტიურებულა. მხურვალედ ქომაგობს Black Lives Matter-ის კამპანიას, 2020-ში აფროამერიკლი ჯორჯ ფლოიდის პოლიციელის მიზეზით დაღუპვის შემდეგ.
მაგრამ ანრის მხოლოდ რასიზმი არ აწუხებს. ის სოციალურ ქსელებში აგრესიასაც სასტიკად გმობს და გიჟდება ინტერნეტში ანონიმურად შეურაცხყოფის მიყენება რომ შეიძლება.
ბოლო დროს რადიკალურ ზომებსაც მიმართა, თავისი ყველა გვერდი გააუქმა და ქსელების მფლობელებს მოთხოვნები წაუყენა.
„რაღაც პასუხისმგებლობა ხომ უნდა არსებობდეს. ახლა ძალიან იოლია სოციალურ ქსელებში პირადი გვერდების შექმნა და მათი შეურაცყოფისთვის და ცილისწამებისთვის გამოყენება, ისე რომ არანაირი სასჯელი არ გემუქრება. სანამ ეს არ გამოსწორდება, ყველა ჩემი გვერდი სოციალურ ქსელებში მიუწვდომელი იქნება. ვიმედოვნებ, ცვლილებები მალე დაიწყება.“ – განაცხადა ანრიმ.
ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სპორტულ სამყაროში. ბევრმა კლუბმა და ფეხბურთელმა გამოუცხადა ტიერის სოლიდრობა.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამას წინებზე ანრიმ თავისი ოცნების შესახებაც ამცნო საზოგადოებას: თურმე ძალიან უნდა „არსენალის“ მთავარმწვრთნელობა.
თუმცა, მანამდე, როგორც ჩანს, ჯერ შორია.