ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ანდრეი შევჩენკოს ჯენოაში დანიშვნაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შევჩენკოს წინაშე რთული და საინტერესო ამოცანაა.
“შევას მტკიცე ხასიათი აქვს, ის ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. ამას მის მიერ მოგებული ოქროს ბურთიც მოწმობს. როგორც მისი მეგობარი, ვფიქრობ რომ სწორი გზა აირჩია როცა ჯერ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და შემდეგ კლუბი ჩაიბარა.
გენუაში კარგი ატმოსფეროა, გულშემატკივრებს გუნდი ძალიან უყვართ. შევჩენკოს და ტასოტის წინაშე რთული და საინტერესო ამოცანაა.
დარწმუნებული ვარ ანდრეი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯენოა იმ დონეზე დააბრუნოს, რასაც იტალიური გუნდი იმსახურებს. შევჩენკო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა წარმატებებს მიაღწიოს, ის ნამდვილი პროფესიონალი და კარგი ადამიანია.”-განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.
კალაძე და შევჩენკო ერთად ჯერ კიევის დინამოში, ხოლო შემდეგ მილანში თამაშობდნენ და წლებია მეგობრობენ. შეგახსენებთ, რომ კალაძემ კარიერა სწორედ ჯენოაში დაასრულა. იტალიურ გუნდში იგი 2010-12 წლებში თამაშობდა.