კახა ცხადაძე: თამაშიდან გამომდინარე წაგებას არ ვიმსახურებდით

დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისთან 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ ისაუბრა.

“თამაშის შემდეგ ლოგიკური შეფასება ყოველთვის რთულია, რადგან ემოციები ჭარბობს. ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

სტუმრად გოლის უპირატესობის გაუქმება ხელს გვაძლევს. თუ ნეფთჩის მინუსებს უფრო კარგად გამოვიყენებთ, წარმატებას მივაღწევთ. ანალიზს ცხადია მეტოქეც გააკეთებს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს, შევეცდებით იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ.

განმეორებით თამაშამდე ფეხბურთელის დამატება არ მოესწრება. 3-4 მოთამაშესთან კონკრეტული წინადადება გვქონდა, თუმცა მხოლოდ ოლსეი დავიმატეთ. პრობლემები კომპლექსურია. ტრანსფერს ტრანსფერისთვის არ გავაკეთებთ, კონკრეტული მოთამაშე უნდა მოვიყვანოთ, რომელიც გაგვაძლიერებს. ერთი ტრანსფერის განხორციელებას ვაპირებდით, თუმცა ფეხბურთელმა სხვა გუნდში გადასვლა არჩია.

გუნდი ცოტა ხნის წინ ჩავიბარე, ისე არ გამიგოთ თითქოს ვწუწუნებ. ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ვარჯიშის საშუალება არ გვქონდა, 4 დღეში ერთხელ თამაში გვიწევდა.

დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე წაგებას არ ვიმსახურებდით. “კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ” საქართველოში უნდა დამთავრდეს, თუმცა დღესაც მსგავსი სიტუაცია იყო.

ნეფთჩი კონტრშეტევაზე სწრაფად ამოდის და ამისთვის მზად ვიყავით. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ და 65 წუთის შემდეგ შესაცვლელები იქნებოდნენ. პირველ ტაიმს და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ის იყო, რომ მეორე ნახევარში ვჩქარობდით. ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ისიც უნდა ვთქვა, რომ რაც დინამოში ვართ, ამდენი საგოლე მომენტი არცერთ თამაში არ შექმნილა. იყვნენ მოთამაშეები, რომლებმაც შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს, ესეც გამოსასწორებელია.

თავიდან დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა. მთავარია მომენტს როგორ გამოიყენებ, ჩვენ კი მხოლოდ ერთი გავიტანეთ, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით, რადგან გული დავწყვიტეთ. მას შემდეგ, რაც ნეფთჩის ახალი მწვრთნელი ჰყავს, აბსოლუტურად შეიცვალა გუნდის თამაში. დღეს დაგვაკლდა ოსტატობა და გამოცდილება. გამოცდილი მოთამაშე მომენტს უკეთ იყენებს. მეტოქე უფრო გამოცდილია და ალბათ ესეც იყო გადამწყვეტი მომენტი.”-განაცხადა ცხადაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *