NBA-ს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღის მთავარ მოვლენად კევინ დურანტის “ბრუკლინიდან” “ფინიქსში” გადასვლა იქცა.
ლიგის ერთერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი ტრანსფერის პერიოდში ტრავმირებული გახლდათ(მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული) და სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშა ყველა ვარსკვლავთა მატჩში, მისი დებიუტი კი ახალ გუნდში დროებით გადაიდო.
ESPN-ის ინსაიდერის – ბრაიან უინდჰორსტის ინფორმაციით, დღეს კევინმა სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა “სანზის” რიგებში და უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ მის პარკეტზე გამოჩენას.
“ფინიქსს” მომდევნო მატჩი პარასკევს, 24 თებერვალს აქვს “ოკლაჰომას” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში კეი დის ასპარეზობა მაინც საეჭვოა, თუმცა სავსებით რეალურია, რომ დურანტი კვირას, “მილუოკის” წინააღმდეგ ითამაშებს.
სათადარიგო ვარიანტად განიხილება ოთხშაბათს, “შარლოტის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, “ბრუკლინის” მაისურით კევინმა 39 მატჩი ჩაატარა, მისი საშალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 29,7 ქულა, 6,7 მოხსნა და 5,3 შედეგიანი გადაცემა.