აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „ბრუკლინი“ „მოტორ სიტიში“ ესტუმრა „დეტროიტს“ და კევინ დურანტის 51 ქულის წყალობით მეტოქე 116:104 დაამარცხა.
მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – „ნეთსის“ ხელმძღვანელებმა დასვენების საშუალება მისცეს ჯეიმს ჰარდენს, ხოლო „პისტონზის“ რიგებში არ იყო მთავარი „მექულე“ ჯერემი გრანტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით გამოკლდა სავარჯიშო პროცესს.
შეხვედრის პირველ მეოთხედში ოდნავ უკეთესად სტუმრები გამოიყურებოდნენ და 31:24 გალიდერდნენ. მეორე პერიოდში უკვე მასპინძლები გააქტიურდნენ – კეიდ კანინგჰემის(26 ქულა მატჩში) და ფრენკ ჯექსონის(25 ქულა მატჩში) ზუსტი სროლების შედეგად „დეტროიტმა“ სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლოს მხოლოდ 3 ქულას აგებდა 57:60.
მესამე მეოთხედში რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი, რამდენჯერმე დაფიქსირდა ფრე. მიუხედავად იმ ფაქტისა რომ უკანასკნელი პერიოდის წინ კევინ დურანტს უკვე 38 ქულა ქონდა, მისი გუნდი მაინც აგებდა შეხვედრას 86:91.
„ნეთსმა“ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა – მეოთხე მეოთხედი 11:0 გაქცევით დაიწყო(8 ქულა კევინ დურანტს) და მეტოქეს არანაირი შანსი აღარ დაუტოვა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა პატ მილსი, რომელმაც საშუალო და შორი დისტანციებიდან „აიკლო“ მეტოქის კალათი.
„ბრუკლინმა“ მოპოვებული ჰანდიკაპი იოლად შეინარჩუნა საფინალო სირენამდე და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 116:104.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 51 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო.
„დურანტულამ“ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა და სტეფ კარის მაჩვენებელი გააუმჯობესა – 8 ნოემბერს „ატლანტას“ ჩაუგდო 50 ქულა.
„დეტროიტის“ საკალათბურთო არენა „Little Caesars Arena” – 2017 წელს გაიხსნა და კევინმა ამ დარბაზის რეკორდიც მოხსნა 1 მატჩში ჩაგდებული ქულების მიხედვით.
2021 წელი – კევინ დურანტი 51 ქულა
2018 წელი – ბლეიკ გრიფინი 50 ქულა
2020 წელი – კაირი ირვინგი 45 ქულა
2020 წელი – ჯეიმს ჰარდენი 44 ქულა
ბლეიკ გრიფინმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ 1 ქულა აიღო. დეტროიტელი გულშემატკივარი „გრიფინდორის“ ყველა შეხებას ბურთთან უკმაყოფილო შეძახილით – „ბუუუ“ ხვდებოდა.
„ბრუკლინმა“ მიმდინარე სეზონში მე-19 მატჩი მოიგო(8 წაგება) და კიდევ უფრო გაიმყარა პირველობა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
„დეტროიტი“ კი აგრძელებს ფსკერზე ყოფნას – გუნდმა ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო და კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება (4 მოგება/22 მარცხი).