“კვარაცხელიას ვაკონტროლებთ” – რას გულისხმობს ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი?..

28 მარტს ბათუმში საქართველო-ნორვეგიაა. ევროშესარჩევის მატჩი. ნორვეგიელთა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სხვათა შორის, სოლბაკენი ნაპოლი-იუვენტუსის თამაშს დაესწრო და მთლად უდარდელად  ვერ წამოვიდოდა იქიდან…

„ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. საქართველოს ნაკრებში უფრო წინ თამაშობს, ვიდრე ნაპოლიში. საქართველოში თავისუფალი როლი აქვს. კვარაცხელია კარგია ერთი ერთზე და დამამთავრებელ ფაზაშიც ძლიერია.

…წინა შესარჩევში მან მძიმე დღეში ჩააგდო ესპანეთი და შვედეთი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელია.

…მას ვაკონტროლებთ. ქაღალდზე ვაკონტროლებთ და უნდა ვიმუშაოთ, როგორ გავანეიტრალოთ მინდორზე. კვარაცხელია სხვა მეტოქეებისთვისაც სერიოზული პრობლემა იქნება. საქართველოს ნაკრებს ყველასთვის შეუძლია ქულების ართმევა და ეს შესაძლოა ჩვენთვის კარგი იყოს“ (VG.NO)

როგორც იცით, ნაპოლის ჰყავს ნორვეგიელი: მცველი ოსტიგორი…

და რაც შეეხება სოლბაკენს: ნორვეგია-საქართველო პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს, 1:0 დასრულდა მატჩი და გოლი ბოლო წუთებზე სწორედ სოლბაკენმა გაიტანა პენალტით. ეს ამხანაგური შეხვედრა იყო 1996 წელს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *