კავაი ლეონარდის 34 ქულას და 12 მოხსნას, პოლ ჯორჯმა 31 ქულა მიამატა და „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ საპლეიოფიო სერიაში ინტრიგა დააბრუნა იუტა ჯაზთან.
„კლიპერსმა“ STAPLES CENTER-ში 132:106 დაამარცხა „ჯაზი“ და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 1:2.
თუ სერიის საწყის ორ შეხვედრაში პოლ ჯორჯი თამაშიდან მხოლოდ 34,3% სიზუსტით ესროდა, ამჯერად 24-დან 12 ჩააგდო, 10-დან 6 სამქულიანი. მან მეორე მეოთხედში 13 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, აქედან 8 სწორედ მაშინ აიღო, როდესაც „კლიპერსი“ მეტოქეს 13:2 გაექცა და თააშზე საბოლოო კონტროლი დაამყარა 57:41.
მეორე ტაიმში X FACTOR უკვე კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 24 ქულა აიღო, 17-17 ქულა ქონდათ რეჯი ჯექსონს და ნიკოლას ბატუმს.კლიპერსმა კი მოპოვებული ჰანდიკაპი უპრობლემოდ შეინარჩუნა მატჩის ბოლომდე და იოლი გამარჯვებაც იზეიმა.
„იუტას“ რიგებიდან გამორჩეული ისევ დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა (ზედიზედ 5 შეხვედრაა, მიჩელი 30+ქულას აგროვებს). მეოთხე მეოთხედის ბოლოს „სპაიდიმ“ ფეხის ტრავმა მიიღო და გასახდელში გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა მოედანზე და თამაში ბოლომდე ჩაამთავრა.
მაიკლ კონლის არყოფნაში (ტრავმა), „ჯაზის“ უკანახაზელებს ძალიან გაუჭირდათ ნომინალური გამთამაშებლის გარეშე თამაში – ბოგადანოვიჩმა 10 სროლის შემდეგ მხოლოდ 9 ქულა დააგროვა, კლარკსონმა 16-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 14 ქულით დაასრულა შეხვედრა. წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშემ პარკეტზე 31 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა ჯამში 24 ქულა წააგო.
შეხვედრაში გადამწყვეტი „კლიპერისის“ ბრწყინვალე დაცვა გახლდათ – ტაირონ ლუს გაწვრთნილმა გუნდმა „იუტას“ საშუალო და ახლო დისტანციებიდან მხოლოდ 17 ბურთი ჩააგდებინა 40-დან.
მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა – 12 ქულა+10 მოხსნა, თუმცა „ჯაზის“ გულშემატკივრები წლის საუკეთესო დამცველისგან გაცილებით უფრო მეტს ელოდებიან.
სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ ლოს ანჯელსეში, STAPLES CENTER-ში გაიმართება. მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით დილის 6:00 დაიწყება.