კლოპი: როცა საუკეთესო მეკარეა…

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რეალთან მარცხის (0:1) შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა

“მატჩის შემდეგ სტატისტიკას ჩავხედე: ბურთის ფლობა თანაბარი გვქონდა, კარისკენ და კარში მეტჯერ დავარტყით, თუმცა ტაბლოზე წავაგეთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს რეალს არ ვულოცავ. ახლაც ამას ვაკეთებ, ყველა ფეხბურთელს პერსონალურად მივულოცე.

მათ გაიტანეს, ჩვენ ვერა. ეს ფეხბურთის ყველაზე მარტივი და მტკივნეული განმარტებაა. ამის მიღება რთულია, მაგრამ პატივისცემა გვმართებს. როდესაც მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, ნიშნავს რომ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ჩვენ სამი 100%-ანი შანსი გვქონდა, მაგრამ კურტუამ საოცრებები ჩაიდინა. ვისურვებდი, რომ მეტი შანსი გვქონოდა.

ასევე, ვისურვებდი, რომ მეტოქის მესამედში უკეთ გვეთამაშა, რადგან გამჭოლი პასებითა და ჩაწოდებებით – განსაკუთრებით მატჩის მიწურულს- კურტუას წინააღმდეგ არაფერი გამოგვდიოდა. ჩვენი საუკეთესო მონაკვეთი, სავარაუდოდ, მას შემდეგ დადგა, როდესაც რეალი დაწინაურდა.

პირველ ნახევარში კარგი შანსები გვქონდა, სადიო მანეს გადაცემებს ვუკეთებდით, რომელიც ფლანგიდან ფლანგზე გადადიოდა და ფეხდაფეხ კაზემირო მიჰყვებოდა. მათი ცენტრალური მცველები სიღრმეში რჩებოდნენ და სადიო საჯარიმოში შესვლას ახერხებდა. ეს კარგი იყო.

მეორე ტაიმში, ვცადეთ მეტოქე კიდევ უფრო მეტ წნეხში მოგვექცია. ასეთი თამაშის დროს პრობლემა ჩნდება – როდესაც რეალის წინააღმდეგ მოქმედებ და ისინი სიღრმიდან თამაშობენ, კონტრშეტევების საფრთხე იზრდება. ამის იგნორირება არ შეიძლება. გულწრფელი რომ ვიყო, ლივერპულის თამაშში ბევრი კარგი რამ დავინახე, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და შედეგი უნდა მივიღოთ,” – თქვა კლოპმა

 

Leave a comment

Your email address will not be published.