კლოპს ლივერპულში ბაიერნის ფეხბურთელის მიყვანა სურს

იურგენ კლოპი კვლავ ტრანსფერებზე ფიქრობს. 90min-ის ინფორმაციით, მერსისაიდელებს ბაიერნიდან ლეროი სანეს გადაბირება სურთ. ტრანსფერის ინიციატორი სწორედ იურგენ კლოპია. ამ თემაზე გერმანელთა და თავად ფეხბურთელის პოზიცია ჯერ უცნობია. სანეს ოფიციალური ფასი 50 მილიონი ფუნტი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სანეს ინგლისში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. გერმანელი გარემარბი პრემიერლიგაში 2016-20 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა. რაც შეეხება სანეს ბოლო ამბებს, 26 წლის ფეხბურთელმა ბაიერნთან ერთად ამ 2 სეზონში ბუნდესლიგა (2), გერმანიის სუპერთასი (3) და უეფას სუპერთასი მოიგო. მიუნხენელთა შემტევმა წინა სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ლივერპულს, კლოპის შეგირდებმა წინა სეზონში პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს. ახალი სეზონის პირველ ტურში, ლივერპული ფულჰემს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *