ლიგა 1-ის მე-20 ტურში პსჟ ლიონს ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა ლეო მესიმ გამოტოვოს. არგენტინელი კოვიდისგან 2 დღის წინ გამოჯანმრთელდა, გუნდს ახლახან დაუბრუნდა და როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, შესაძლოა პოჩეტინომ დაასვენოს.
მესის ლიგა 1-ში საქმე არცისე კარგად მისდის. მიმდინარე სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. სამაგიეროდ მესი ჩემპიონთა ლიგაშია ჩვეულ ფორმაში, სადაც 6 მატჩში 5 გოლით იწონებს თავს.
რაც შეეხება პსჟ-ს საკადრო პრობლემებს, გუნდი ლიონთან ნეიმარს და დრაქსლერს მოისაკლისებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დი მარიას, კურზავას, დონარუმას და პერეირას საკითხი.
პსჟ ლიგა 1-ში 46 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მარსელს 10 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალს შეხვდებიან.