კოლინა!.. ჩემი თამაშის წესები

პიერლუიჯი კოლინა… ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ისტორიაში? აზრები თანაბრად გაიყოფა.  ვინ არის ყველაზე პოპულარული მწვრთნელი ისტორიაში? აქაც ბევრნაირად გაიყოფა. მაგრამ სიტყვაზე „მსაჯი“, დარწმუნებული ვართ, გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას პირველი ეს კაცი გაახსენდება: იტალიელი კოლინა.

დღეს 62 წლის გახდა. დიდად არც ეტყობა ასაკი, მაგრამ ტიპია ასეთი, კოლინაა, რა. ამ სტატიაში იტალიელის გამორჩეულ ამბებზე დავწერთ.

დედისერთაა. ბოლონიაში დაიბადა, მამა თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, დედა კი მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში. თავად ჰყვებოდა, რომ დედ-მამა დიდხანს სამსახურში იყვნენ და დამოუკიდებლობას ბავშვობიდანვე მიეჩვია. ამან ჩამოუყალიბა ინდივიდუალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილებების ინსტიქტი.

მსაჯობის დაწყება? ბანალური ისტორიაა. ჯერ თამაშობდა, მცველი იყო სამოყვარულო გუნდებში. თუმცა სუსტი იყო, მეტწილად სკამზე იჯდა. თან კოლეჯში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე და მეგობარმა სტუდენტმა უთხრა, მოდი, თან სამსაჯო კურსებზე ვიაროთო. პიერლუიჯიც დათანხმებულა, რაც სახლში გაუკვირდათ… თურმე მამამისს (იტალიისთვის უცნაური ამბავია) ფეხბურთი არ უყვარდა.

კოლინამ პირველად 1996 წლის ოლიმპიადაზე დაიქუხა. ფინალში ნიგერიამ არგენტინას 3:2 მოუგო და ჩემპიონი გახდა. რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო საოცარი შესახედაობის იტალიელმა: არგენტინელები ორჯერ ედავებოდნენ პენალტზე, თუმცა ახლაც თვალწინ გვიდგას, როგორ თვალების ბრიალით იშორებდა ფეხბურთელებს…

კოლინას ბევრ გადამწყვეტ მატჩს ანდობდნენ. 1999 წლის სასწაული ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბოლო წუთებზე, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა ბაიერნს თამში შემოუტრიალა. კოლინა თამაშის მერე ამშვიდებდა ბაიერნელებს, განსაკუთრებით განელ კუფურს, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა. და მუშტებს ურტყამდა მინდორს.

რომელი ერთი? უეფას თასის ფინალი ვალენსია-მარსელი, როცა 0:0-ზე თან პენალტი დანიშნა და თან ფაბრიენ ბარტეზი გააძევა.

ჩეხებისგან დიდი რისხვა შეხვდა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდები-ჩეხეთი უგოლოდ სრულდებოდა, როცა პენალტი დანიშნა და ფრანკ დე ბურმა გაიტანა. ჩეხმა ტომას რეპკამ თქვა: ყველაფერი გავაკეთეთ, ასეთი კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ ვიღაც უცხოპლანეტელმა ყველაფერი წაგვართვაო.

კოლინამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა მსაჯის სამსახური. შეცვალა ზოგადი სურათი: ბევრს ლაპარაკობდა ფეხბურთელებთან და უბრალოდ ხელის მოსმით არ იშორებდა. ის თან კონტაქტობდა ფეხბურთელებთან, რომლებსაც მათი დიდი რიდი ჰქონდათ (ან შიშიც კი). დაამსხვრია მითი, რომ მსაჯი რაც უფრო შეუმჩნეველია, მით უფრო კარგია.

ფაქტები:

„ჩემი თამაშის წესები“ – ეს კოლინას ავტობიოგრაფიული წიგნია.

მეტსახელია „ფანტომასი“ ცნობილი ფილმის გმირის გამო.

მუნდიალ-2002-ის წინ კოლინამ ფიზმომზადების ტესტები ვერ გაიარა. მერე გაირკვა, რომ იმ პერიოდში შეუძლოდ ყოფილა. ახლიდან გაატარეს ტესტი, ჩააბარა და სწორედ მან იმსაჯა ფინალი: ბრაზილია-გერმანია 2:0.

კოლინა 6-ჯერ არის დასახელებული მსოფლიოს წლის საუკეთესო მსაჯად.

2005 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯების ასაკობრივი ცენზი 45-დან 46 წლამდე ასწია. რათა კოლინას კვლავ ემსაჯა. თუმცა პიერლუიჯიმ უარი განაცხადა და კარიერა დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published.