რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულდა ქალთა 500-იანთა კატეგორიის ტურნირი “კრემლის თასი”. ფინალურ მატჩში ანეტ კონტავეიტმა დრამატულ ბრძოლაში 4:6 6:4 7:5 სძლია ეკატერინა ალექსანდროვას და უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში უკვე მესამე ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-5 გეიმიდან ალექსანდროვამ გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა – მოიპოვა რა 3 ბრეიკპოინტი, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
მე-7 გეიმში რუსმა ჩოგბურთელმა კიდევ 4 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მხოლოდ მეშვიდე მცდელობით შეასრულა ნანატრი ბრეიკი, რასაც მალე კორტების მასპინძლის მხრიდან სეტის მოგებაც მოყვა 6:4.
მეორე პარტიის სტარტზე ესტონელი ჩოგბურთელის თამაში სრულიად მოიშალა – ანეტმა კიდევ ორჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება და 0:4 ჩამორჩა მეტოქეს. ფინალური მატჩი პრაქტიკულად წაგებული ქონდა კონტავეიტს, როდესაც მან გადაწყვიტა გაერისკა – შეცვალა თამაშის სტილი და გაცილებით უფრო აგრესიულ და შემტევ ტაქტიკაზე გადავიდა.
სოლიდური ჰანდიკაპით განებრივრებული ეკატერინა შედარებით მოდუნებული გახლდათ და არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას – ესტონელმა ჩოგბურთელმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და ზედიზედ 6 გეიმის მოგებით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (4:6 6:4).
მესამე, გადამწყვეტ სეტში საწყისი 8 გეიმის განმავლობაში გოგონები უპრობლემოდ იგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა მოულოდნელად მე-9 გეიმში რუსმა ბრეიკი „გაახერხა“ და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა 5:4.
კონტავეიტი მეტოქეს მაინც არ დანებდა – ესტონელმა კიდევ ერთი დაუჯერებელი „ქამბექი“ დადო – ზედიზედ 3 გეიმი მოიგო (2 მეტოქის ჩაწოდებაზე) და მასთან ერთად მატჩიც 4:6 6:4 7:5.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანეტმა მწვრთნელად აიყვანა ყოფილი რუსი ჩოგბურთელი დიმიტრი ტურსუნოვი. ამის შემდეგ კონტავეიტმა 24 გამართული მატჩიდან 21 მოიგო და მასთან ერთად 3 ტიტულიც (კლივლენდი, ოსტრავა და მოსკოვი).
განახლებული რეიტინგით ესტონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდება და მშვენიერ შანსს ინარჩუნებს წავიდეს წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართება. ანეტს მე-8 ადგილოსან ონს ჟაბერთან მხოლოდ 139 ქულიანი ჩამორჩენა აქვს.