51 წლის ახალზელანდიელი სპეციალისტი კორი ბრაუნი ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის შეტევის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
კორი ბრაუნი ახალ ზელანდიაში გარემარბად ოტაგოსა და ჰაილენდერსში თამაშობდა. მერე კი, საფრანგეთში გადაბარგდა და ჯერ პარიზის უნივერსიტეტის გუნდში, მერე კი პრო დე2-ის ტარბში ასპარეზობდა.
მუხლის ტრავმის შემდეგ, მას ჩვეულ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა და ერთი სეზონი იტალიაში ითამაშა, ხოლო მოთამაშის კარიერის მიწურულს, ირლანდიურ ქონოთში მოთამაშე-მწვრთნელად მივიდა. მოგვიანებით კი, სამშობლოში დაბრუნდა და ოტაგოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გუნდთან ერთად მან 2016 წელს ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებში დაცვისა და უნარების მწვრთნელად მიიწვიეს. 2017 წელს ის საქართველოს პირველად ეწვია და ბეიბი ბლექსთან ერთად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
2017-2018 წლებში კორი ბრაუნი დანიდინის ჰაილენდერსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2019 წელს კი, იაპონიას მიაშურა და ერთი სეზონი სანვულვზის მთავარი მწვრთნელის დამხმარედ მუშაობდა. გასულ სეზონში ის იაპონიის ტოპ ლიგის გუნდს სანიქს ბლუზს ავარჯიშებდა.
“ხშირად ვუყურებდი ქართველების თამაშს და ყოველთვის მომწონდა დიდი, ღონიერი, ძლიერი ბიჭები, რომლებიც საკმაოდ კარგად დარბიან, კარგ მოლებს აყენებენ და შეუდარებლები არიან კონტაქტის არეში, რაც რაგბში ყველას განსაკუთრებით მოგვწონს. აქვე მინდა ვთქვა, რომ არანაკლები სიძლიერის უკანახაზელები გყავთ. საჭიროა, რომ მეტად მოხდეს შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსება და დარწმუნებული ვარ, შეტევაში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება.
ყოველთვის შთამბეჭდავი იყო საქართველოს ნაკრების თამაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა მათი ფიზიკური, კონტაქტური თამაში. იაპონიაში ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მათ აქვთ შესაბამისი უნარები, მაგრამ არ უყვართ კონტაქტში შესვლა და ქართველებისგან განსხვავებით, ხშირად თავს არიდებენ კონტაქტს. ქართველები კი, ამით სიამოვნებას იღებენ და უნარების დახვეწასთან ერთად, ვიმედოვნებ ამ კომპონენტში კიდევ უფრო მეტად განვვითარდებით
ჩემთვის დიდი გამოწვევაა ვიყო შავი ლომის და საქართველოს ნაკრების ნაწილი. წინ ნოემბრის ტესტები გველის, სადაც შესაძლებელია ერთი, ან ორი თამაშის მოგება და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ვეცდები, რომ გავაუმჯობესო შეტევის თამაში და ქართულ გუნდებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”. – თქვა კორი ბრაუნმა.