მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბათუმი არენაზე კოსოვოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.
სანამ უშუალოდ თამაშზე გადავიდოდეთ, მატჩის წინა დღეს მიღებული მცირე ტრავმის გამო, კოსოვოსთან საბა ლობჟანიძემ ვერ ითამაშა, რომელმაც ჰატაისპორში ამ სეზონში 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ვილი სანილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც არცთუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 1 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა.
თამაში კოსოვოელთა უპირატესობით დაიწყო. ბურთს უმეტესად სტუმრები ფლობდნენ, ჩვენებს კი შეტევაში თითქმის არაფერი გამოსდიოდათ. საქმე იმანაც გაგვირთულა, რომ ვილი სანიოლს მე-12 წუთზე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. მცირე ტრავმის გამო მოედანი ერთერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ჯაბა ჯიღაური ჩაერთო.
ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ბერიშას ჩაწოდების შემდეგ, დათი ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საერთოდაც ბერიშა დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენები ვერც გოლის მერე აქტიურობდნენ. ქართველთა მხრიდან უდაოდ გამორჩეული იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. გიორგიმ არაერთხელ გაამწვავა, კარგი პასიც გააკეთა და დაარტყა, თუმცა სამწუხაროდ გოლი ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალური მომენტები არ იქმნებოდა. ის კი არა 0:2-თანაც ახლოს ვიყავით, მეტოქის ფორვარდი ერთი ერთზე დარჩა, გიორგი ლორიამ კი შესანიშნავი სეივით გადაარჩინა გუნდი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – საქართველოს ნაკრებმა დღეს საკმაოდ სუსტი მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის ხელში ჩვენს გუნდს ბევრად უკეთ უთამაშია თუნდაც ესპანეთის ნაკრებთან.
ჩვენები თითქმის მთელი თამაში ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა ამაოდ. რაც შეეხება კოსოვოს, სტუმრები ხშირად ტემპს აგდებდნენ და როცა მომენტს ნახავდნენ სახიფათოდ უტევდნენ. ერთ ეპიზოდში გაიტანეს კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 1 ქულით ბოლო მე-5 ადგილზეა. სანიოლის შეგირდები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.