რონალდ კუმანის ბარსელონური მომავალი დღეს გაირკვევა. შესაძლოა, დღესვე გაათავისუფლონ… ბენფიკასთან 0:3 ჩემპიონთა ლიგაში: ეს უკვე ზედმეტია, ბარსას ორ ტურში ორი წაგება აქვს და ბურთების შეფარდება 0:6.
კუმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „არ ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა რას ფიქრობს. ჩემი ბარსელონაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს მე არ ვწყვეტ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელებისგან სრულ მხარდაჭერას ვიღებ“.
ეს მართლაც ასეა, ფეხბურთელები კუმანს მხარს უჭერენ: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი…
ბუსკეტსი: „მწვრთნელის შეცვლა ყველაზე იოლია, პრობლემები კი მეეჭვება მხოლოდამით მოგვარდეს“
დე იონგი კიდევ უფრო მეტად იცავს კუმანს: „ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, თუმცა აზრს რაც შეეხება: დარწმუნებული ვარ, მწვრთნელში არაა პრობლემა. ჩვენ ბოლომდე ვმუშაობთ, სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებთ“
რა დაუჯდება ბარსელონას კუმანის გათავისუფლება? 13 მილიონი ევრო! ესპანური პრესა წერს, რომ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა სწორედ ამას ერიდება – კუმანისთვის გადასახდელი კომპენსაცია ძალიან დიდია. და პლუს, ახალი მწვრთნელის მოყვანაც ხომ ცალკე ფინანსებთანაა დაკავშირებული.