ტიბო კურტუამ ფიფა და უეფა გააკრიტიკა, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენო. ბელგიელმა ერთა ლიგის ორ შეხვედრაში 5 გოლი გაუშვა. ფრანგებთან ნახევარფინალში წაგების მერეც ამბობდა, ვის რაში სჭირდება იტალიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაო…
„საშინლად გადატვირთული კალენდარია. გაისად ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და მერე ისევ კლუბებს უნდა მივუბრუნდეთ.
…ტრავმები ბევრი იქნება, მაგრამ ფეხბურთელებზე არავინ არ ფიქრობს. ივნისში ერთა ლიგის კიდევ ოთხი მატჩი იქნება, მერე კი მხოლოდ ორკვირიანი დასვენება. ორი კვირა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ დაისვენო და მერე 12 თვის განმავლობაში ნორმალურ დონეზე ითამაშო.
…ხმას თუ არავინ ამოიღებს, ფიფა და უეფა არაფერს შეცვლიან. ისინი სუპერლიგას ეწინააღმდეგებიან, თვითონ კი იგივეს აკეთებენ. ახალ-ახალ ტურნირებს ამატებენ. ფიფა და უეფა ბრაზობენ სუპერლიგის მსურველ კლუბებზე, თავად კი ფეხბურთელებზე კი არა, ჯიბეზე ფიქრობენ.
…ახლა საუბრობენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე. და როდის დავისვენებ ჩვენ? ვერასოდეს. რობოტები არ ვართ“ (ESPN)