ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში დასრულდა მამაკაცთა 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში სუნ ვო კვონმა 6:4 3:6 7:6 სძლია რობერტო ბაუტისტა აგუტს და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.
კვირის დასაწყისში, სამხრეთ კორეელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 84-ე პოზიციას იკავებდა. კვონს ადელაიდას ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია, რაც არცთუ ისე წარმატებით მოახერხა.
კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე სუნ ვომ 6:7 6:3 6:3 სძლია პოსპიშილს, მეორე რაუნდში კი მოულოდნელად დამარცხდა მაჩაკთან 5:7 6:3 3:6 და ასპარეზობას გამოეთიშა.
აზიელ სპორტსმენს ძალიან გაუმართლა და ძირითად ბადეში მყოფმა ერთერთმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო, კვონმა კი ლაქი ლუზერის სტატუსით მისი ჩანაცვლება მოახერხა.
ბედის ირონიით, სამხრეთ კორეელი ადელაიდას ტურნირის პირველ წრეში ისევ მაჩაკს შეხვდა – ამჯერად კვონმა იგივე შეცდომები აღარ დაუშვა და 6:4 6:4 იმარჯვა.
მეორე რაუნდში სუნ ვოს მეტოქე ტურნირის ერთერთი ფავორიტი – პაბლო კარენო ბუსტა გახლდათ. ესპანელმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, თუმცა სამხრეთ კორეელმა “ქამბექი” დადო და მომდევნო 2 პარტია ერთნაირი ანგარიშებით – 6:4 6:4 მოიგო.
1/4 ფინალურ სტადიაზე კვონს “გასეირნება” ელოდა – 61 წუთში 6:1 6:2 სძლია მიკაელ იმერს.
1/2 ფინალში სამხრეთ კორეელმა გაუძლო ჯეკ დრეიპერის ეისების წვიმას და მესამე სეტში შესრულებული ბრეიკის წყალობით ფინალის საგზურიც მოიპოვა 7:6 6:7 6:3.
ATP-ის ისტორიაში სუნ ვო კვონი გახდა მეათე ჩოგბურთელი, რომელმაც ლაქი ლუზერის სტატუსით ტურნირის მოგება შეძლო
მარკო ჩეკინატო – ბუდაპეშტი 2018;
ლეონარდო მაიერი – Гჰამბურგი 2017;
ანდრეი რუბლევი – უმაგი 2017;
რაჯივ რამი – ნიუპორტი 2009;
სერგეი სტახოვსკი – ზაგრები 2008;
კრისტიან მინიუსი – სან პაულო 1991;
ფრანცისკო კლავეტი – ჰილვერსუმი 1990;
ბილ სკენლონი – მაუი 1978;
ჰაინ გიუნჰარტი – სპრინგფილდი 1978.