ლაშა ნოზაძე: ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბურთალო ალბანურ პარტიზანს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ და ვიცე-კაპიტანმა ირაკლი დაბატაძემ ისაუბრეს.

ლაშა ნოზაძე: “პირველ რიგში მინდა ყველა ქართულ გუნდს წარმატებები ვუსურვო ევროსარბიელზე. რაც შეგვეხება ჩვენ, 2 ივლისიდან ინტენსიურად ვემზადებით. ტირანას პარტიზანი ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია, ალბანეთის ჩემპიონატში ბევრი წარმატება აქვს, თუმცა ჩვენც ჩვენი მიზნები გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს. წარმატება ცხადია შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნება.

ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობთ, რომ რახან შინ ვთამაშობთ, მეტოქეს უპირატესობა აქვს.

გაგრასთან თამაში გავაანალიზეთ, მეტოქემ ქულა მოიპოვა და ჩვენ ქულები დავკარგეთ. ცოტა დაღლილობამაც იჩინა თავი. ძალების აღსადგენად ცოტა დრო გვქონდა. ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ.

2 უკრაინელი ფეხბურთელის დამატება გვინდოდა, თუმცა სამწუხაროდ არ მოხერხდა. მოლაპარაკებებს რამდენიმე ქართველთან ვაწარმოებთ და იმედია ყველაფერი კარგად წარიმართება.

დიდი ხანი არ არის, რაც მთავარი მწვრთნელი ვარ, თუმცა არ მგონია ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. როცა ამ პოსტზე მუშაობას დავთანხმდი, ყველაფერზე უკვე ნაფიქრი მქონდა.” – განაცხადა ნოზაძემ.

ირაკლი ტაბატაძე: “ბევრს არაფერს დავამატებ, რადგან ბატონმა ლაშამ თითქმის ყველაფერი თქვა. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. ნებისმიერი წამი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ცხადია მოსაგებად ვითამაშებთ. დანარჩენს მოედანზე ვნახავთ. პარტიზანი საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი გუნდია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მოგება შეგვიძლია.” – განაცხადა ტაბატაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *