ლა ბომბა

გახურდა ოლიმპიადა და მეც გადავწყვიტე ოლიმპიურ თემას შევეხო. არა, არა, ნუ შეგეშინდებათ, მიმდინარე ამბების ათასმეერთე მთხრობელი არ გავხდები. მეღა ვაკლივარ ინტერნეტს. თავს დაყრილი ტექსტების, ფოტოების და ვიდეოებისგან ისედაც ლამისაა გაწყდეს. მე ბებრულად ძველს გავიხსენებ.

აი, მაგალითად, მე მინახავს როგორ სრიალებდა ალბერტო ტომბა. ვაზუსტებ: მე მინახავს ალბერტო ტომბა ოლიმპიადაზე. ალბერტო ტომბა ვინ არის? ლეგენდარული, დიდი, ვეებერთელა იტალიელი სამთო მოთხილამურე. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის ვერცხლის მედალოსანი და კიდევ, სიმპათიური კაცი, რომლის დანახვაზეც ქალები კიოდნენ. „ტომბა ლა ბომბა“, ასე ეძახდნენ მას.

Alberto Tomba ne fa 50 - Il Post

ამბავი, რომელსაც გიყვებით, 1994 წელს ლილეჰამერში მოხდა, ზამთრის თამაშებზე, სადაც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პირველად გავიდა ოლიმპიადაზე. თავისი დროშით, თავისი ჰიმნით… მაშინდელი დროშით და მაშინდელი ჰიმნით, რასაკვირველია. ისტორიული ამბავი იყო და მეც იქ ვიყავი. ბედმა გამიღიმა.

რასაკვირველია, შემიძლია ეს ბლოგი ამ მიმართულებითაც წავიყვანო. მოვყვე დიდ მოვლენაზე, რომლის იშვიათ თვითმხილველთა შორის აღმოვჩნდი, მაგრამ ამაზე დამიწერია და მომავალშიც დავწერ, ამიტომ, აქ ტომბაზე მიჯობს.

საღამო იყო და, ეგრეთწოდებულ „ქართულ სახლში“ ვისხედით. ლილეჰამერში როგორ მოხდა, იცით? ახალი, საოლიმპიადე ნაგებობებით ქალაქი რომ არ დაემახინჯებინათ, ადგილობრივმა მოსახლეობამ სტუმრებს თავიანთი სახლები მიაქირავა, თვითონ კი იმ 16 დღით სადღაც წავიდა. ზოგი შვილს ესტუმრა, ზოგი დას, ზოგი კიდევ სადღაც გადაიხვეწა. „ქართული სახლის“ პატრონები, მაგალითად გათხოვილ შვილთან წავიდნენ იქვე, ახლომდებარე ქალაქში. ლილეჰამერიც გადარჩა. ოთხ თუ ხუთსართულიანი მარტო საავადმყოფოს შენობა იდგა და ასეც დარჩა.

ჰოდა, იმ საღამოს „ქართულ სახლში“ ვისხედით, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა კატეგორიულად გამოაცხადა:

— ხვალ, სამთო მოთხილამურეების შეჯიბრებას უნდა დავესწროთ. ხომ უნდა გვქონდეს სათქმელი, რომ ალბერტო ტომბა ცოცხლად გვყავს ნანახი.

ყველანი ავყევით.

— აბა, რა!

— რასაკვირველია!

გათენდა მეორე დღე. პრეს-ცენტრში ადრიანად მივედით, კომპიუტერებთან  დავბანაკდით. იქ, თბილოდა, იყო ტელევიზორი და უფასო კოკა კოლა უზღვავი რაოდენობით. კიდევ, იყო სტარტ-ლისტი, სადაც ეწერა, ვინ ვის მერე უნდა გამოსულიყო. გადავწყვიტეთ, ყინვის მიუხედავად, ტრასასთან ტომბას გამოსვლამდე ცოტა ადრე გავსულიყავით და კარგი ადგილები შეგვერჩია. ისე მოხდა, რომ სანამ წინა დღის ამბები დავწერე და რედაქციაში ფაქსი (რა დრო იყო) გავაგზავნე, ტომბას გამოსვლაც მოახლოვდა. პრეს-ცენტრიდან რომ გავედი და ჩვენებს შევუერთდი, უკვე იტალიელის ჯერი იყო.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

— აბა, — მოვიფშვნიტე ხელები და….

შემდეგ იყო პაუზა, რის მერეც ცხვირწინ ვიღაცამ ჩამიქროლა და გაქრა.

მიმოვიხედე. კი მივხვდი რაც მოხდა და ვინც ჩამიქროლა, მაგრამ გულში მაინც ვებღაუჭებოდი იმედს, რომ რაიმე სანახაობა ჯერ კიდევ მელოდა.

ამაოდ.

— ახლა კი პრეს-ცენტრში შევიდეთ და შედეგები ვნახოთ, — თქვა გახარებულმა კოლეგამ.

ლილეჰამერში, სლალომში, ალბერტო ტომბამ ვერცხლის მედალი მოიგო.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *