NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ იორკმა” ლეგენდარულ “მედისონ სქვერ გარდენში” უმასპინძლა “ლეიკერსს” და ოვერტაიმში 123:129 დამარცხდა.
შეხვედრის გმირი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც კარიერული 106-ე სამმაგი დუბლი შეასრულა.
“ლეიკერსის” ფორვარდმა პარკეტზე 43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 28 ქულა (25 სროლიდან 11 ჩააგდო), 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
38 წლის ლებრონი NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი 20+ ქულით შეასრულა.
“ლეიკერსის” ლეგენდარულმა ფორვარდმა ზედიზედ მეოცე სეზონში შეძლო მინიმუმ 1 სამმაგი დუბლის შესრულება, რაც ასევე ლიგის რეკორდია.
ჯეიმსი ერთადერთი სამმაგი დუბლით ჩამორჩება ჯეისონ კიდს, რომელსაც კარიერა 107 “ტრიპლ-დაბლით” აქვს დასრულებული(მეოთხე შედეგი ლიგის ისტორიაში).
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი რასელ ვესტბრუკს აქვს შესრულებული (198), მეორე ადგილზეა ოსკარ რობერტსონი (181), მესამეზე მეჯიქ ჯონსონი (138).
“ნიუ-იორკთან” მატჩის მიმდინარეობისას ლებრონმა 11 შედეგიანი პასი მიაწოდა თანაგუნდელებს, ამ კუთხით კარიერული მაჩვენებელი 10 338-მდე გაზარდა და ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეპასეთა რეიტინგში ერთბაშად ორ კალათბურთელს გაასწრო: მარკ ჯექსონს (10 334) და სტივ ნეშს (10 335).
ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო მეპასეთა შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება – მასზე წინ მხოლოდ ჯონ სტოქტონი (15 806), ჯეისონ კიდი (12 091) და კრის პოლი (12 091) არიან.