NBA-ს შობის საღამოს ცენტრალურ მატჩად უპირობოდ „ლეიკერსის“ და „ბრუკლინის“ დაპირისპირება ითვლებოდა. ლიგის ხელმძღვანელთა გათვლა აბსოლიტურად გასაგები და ლოგიკური გახლდათ – კალიფორნიული გუნდის დიდი სამეული – ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ ვესტბრუკი ბრუკლინული დიდი ტრიოს წინააღმდეგ – კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კაირი ირვინგი.
სამწუხაროდ ტრავმებისა და კორონა ვირუსის პანდემიის გამო ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების მხოლოდ ნახევარმა ითამაშა(დევისს ფეხის ტრავმა აქვს, ირვინგი აცრას არ იკეთებს, დურანტი კოვიდ იზოლაციაშია), თუმცა შოუ შედგა და მაყურებელმა შესანიშნავი სანახაობა იხილა.
ამერიკაში ყველაფერი იყიდება, მათ შორის ლეგენდარული „სტეიპლ სენთერის“ დასახელებაც. დარბაზს სახელი გადაერქვა და ამიერიდან „კრიპტო-ქომ არენად“ იწოდება. ცოტა უცნაურია, თვალშიც ხვდება, მაგრამ რასაც ფულით ვერ იყიდი, იმას დიდი ფულით იყიდი.
კევინ დურანტის გარეშე დარჩენილმა „ბრუკლინმა“ ლიდერის არყოფნა არ დაიტყო და პერიმეტრიდან „ააოხრა“ მეტოქის კალათი – ჯეიმს ჰარდენის და პატ მილსის დუეტმა ჯამში 70 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, „ნეთსმა“ კი 122-115 სძლია მეტოქეს და კიდევ ერთხელ დაამძიმა „ლეიკერსის“ მდგომარეობა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.
სამმაგი დუბლი შეასრულა ლიგის „ბაბუაწვერამ“ – ჯეიმს ჰარდენმა, რომლის ანგარიშზეც 36 ქულა+10 მოხსნა+10 პასი იყო და კიდევ ერთელ დაამტკიცა, რომ „ბრუკლინი“ მხოლოდ დურანტის გუნდი არაა.
„ლეიკერსის“ შემადგენლობაში სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმაც 13 ქულა+12 მოხსნა+11 პასი, თუმცა დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რასს უსტვინა და ეძახა, რომ „წათრეულიყო გუნდიდან“, რადგან “L.A”-ს გამთამაშებელს საშინელი პროცენტი ქონდა სროლების რეალიზაციის – 20-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო, სამჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალურიც „აიკიდა“.
მატჩის მთავარი მოვლენა მაინც ლებრონ ჯეიმსის 39 ქულა გახლდათ, რომელმაც შობის საღამოს დაგროვილი ქულების მიხედვით გადაასწრო ლეგენდარულ კობი ბრაინტს და რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა.
1. ლებრონ ჯეიმსი 422 ქულა
2. კობი ბრაიანტი 395
3. ოსკარ რობერტსონი 377
4. დუვეინ ვეიდი 314
5. კევინ დურანტი 299
6. შაკილ ონილი 272