ლევან მაისაშვილი: საფრანგეთის ნაკრებს თავისი, განსაკუთრებული ხელწერა აქვს

საფრანგეთთან გასამართი შემოდგომის ერთა სერიის მატჩამდე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“დიდი ხანია საფრანგეთის ნაკრები ისეთ კარგ სათამაშო კონდიციაში არ ყოფილა, როგორშიც ბოლო წლებია. მას აქვს თავისი ხელწერა, რაც არგენტინასთან თამაშშიც გამოჩნდა. საფრანგეთი თანაბრად ძლიერია როგორც შეჯგუფებებში და ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში. ჩვენთვის გამოწვევაა დავუპირისპირდეთ მათ სტატიკურ ფაზებში. შევძლებთ თუ ვერა მეტოქის თამაშის დაკეტვას, ეს მატჩისას გამოჩნდება.

ამ ეტაპზე მწვრთნელებისა და მოთამაშეების სრული კონცენტრაცია საფრანგეთისკენაა მიმართული. თუმცა, რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ფიჯის თაობაზე გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს. ჩვენ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, ამ მეტოქეს საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი აუცილებლად გვექნება”.

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

“საფრანგეთში არაერთი წელი მაქვს  გატარებული. ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანაგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია. საფრანგეთში წლების განმავლობაში თამაშობდნენ ქართველები, იქ ჩვენი თანამემამულეები ახლაც არიან და მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვეცდებით ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ.

ძნელია საფრანგეთს რამეში აჯობო, თუნდაც შერკინებაში. ის კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ის იქნება, რომ მათ პრობლემა ყველა კომპონენტში შევუქმნათ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 14 ნოემბერს, ბორდოში, 17 საათზე დაიწყება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *