ლეიკერსის კრიზისი გრძელდება

საშინელი სტარტი გამოუვიდა “ლეიკერსს” ნბა-ს ახალ, 2021/22 წლების სეზონში. კალიფორნიულმა გუნდმა ჯერ პირველ ტურში წააგო „გოლდენ სტეიტთან”, ახლა კი მათი დამარცხება „ფინიქსმა“ შეძლო 105:115.

“ლეიკერსს“ შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – პირველი ქულები რასელ ვესტბრუკმა აიღო, პერიმეტრიდან ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო ლებრონ ჯეიმსმა და მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 26:23 მოიგეს.

null

მეორე პერიოდში კი ყველაფერი აირია – სათადარიგოთა სკამზე ერთმანეთში იჩხუბეს ენტონი დევისმა და დუვაიტ ჰოვარდმა, რამაც „ლეიკერსის“ კალათბურთელების განწყობაზე საშინლად ითამაშა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დუვაიტი მატჩში აღარც ჩართულა, პარკეტზე დაბრუნებული A.D კი საკუთარ თავს აღარ გავდა.

რასელ ვესტბრუკმა მაღალი სიხშირით დაიწყო შეტევაში ფოლების მიღება, რასაც ლებრონის არაზუსტი ტყორცნებიც მოყვა და „ლეიკერსი“ ფსკერისკენ ჩაიძირა.

„ფინიქსმა“ მისთვის კომფორტული კალათბურთის თამაში დაიწყო – კრის პოლი პარკეტის გენერლად იქცა – პასებსაც უხვად არიგებდა (14 პასი) და ქულებსაც აგროვებდა (23 ქულა). ტრადიციულად ძალიან კარგი იყო დევინ ბუქერი, რომელმაც საშუალო და შორი დისტანციებიდან „აიკლო“ მეტოქის დაცვა.

ყველაზე დიდი განსხვავება სისწრაფეებში იყო – გადაბერებული შემადგენლობით მოთამაშე „ლეიკერსი“ ვერ ასწრებდა შეტევიდან დაცვაში დროულად გადმოსვლას და მეტოქე კონტრშეტევაზე ქულებს იოლად იღებდა.

მესამე მეოთხედის ბოლოს კატასტროფული იყო სამწამიანი ზონიდან აღებული ქულების ფარდობა 7:46. „ფინიქსი“ დომინირებდა და ეს უპირატესობა ანგარიშშიც ასახა 89:57.

დარჩენილი დრო გარბიჯ თაიმად იქცა, „ლეიკერსმა“ უკანასკნელ წამებზე 10 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა მეტი ვეღარაფერი შეძლო და 2 ტურის შემდეგ 2 მარცხით წყნარი ოკეანის დივიზიონში ბოლო ადგილზე იმყოფება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *