ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელია ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ტაიმ აუტი ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“პირველ რიგში მოგესალმებით. მე იმ ასაკში ვარ, რომ კარგად მახსოვს თბილისის დინამოს 1981 წლის დიდი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პატივია ისეთ ლეგენდარულ ფებხურთელთან საუბარი, როგორიც ვლადიმერ გუცაევია. 

რაც შეეხება კვარაცხელიას, მესმის რომ ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აწუხებთ მისი მდგომარეობა. მის გარშემო შექმნილი სატრანსფერო აურზაური 20 წლის ბიჭის ფსიქოლოგიაზე გავლენას აუცილებლად მოახდენდა და მოახდინა კიდეც. ხვიჩასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. თითიდან გამოწოვილი თემაა ის, რომ თითქოს რუბინი ხვიჩას სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. 

ის აჟიოტაჟი, რომელიც ხვიჩას მამის და მისი აგენტის მხრიდან შეიქმნა, გარკვეულწილად გადაჭარბებული გახლდათ. ამ ყველაფერმა ფეხბურთელზე გავლენა იქონია. რაღაც მომენტში ხვიჩას ფეხბურთი დაავიწყდა და იმაზე უფრო ფიქრობდა თუ რა დონეზე შეიძლებოდა გადასულიყო. ფეხბურთი საკმაოდ სამართლიანია, ის პასუხს ცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თავდადებული არ იყო. 

ხვიჩა კარგად მუშაობს, მას ესმის რომ ტრანსფერი არ გამოვიდა. კვარაცხელია ემოციურად გამოიფიტა, ამას ტრავმაც დაემატა, პლუს დიდი მოლოდინი და წნეხი, რომელიც ქართული საზოგადოების მხრიდან არის. ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია, ის უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო თავისი ნაკრებისთვის და კლუბისთვის. მან ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ ხვიჩას წარუმატებლობა მხოლოდ შემთხვევითობაა და ის კვლავ კარგ ფეხბურთელად რჩება. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და ყველაფერში მხარს ვუჭერთ. 

ტრავმა მისთვის გარკვეულწილად სიახლეა, ბიჭმა ექიმებს ზუსტად ვერ აუხსნა რა სჭირდა, მას გამოცდილება აკლია და ამ ყველაფერმა მისი გამოჯანმრთელების პერიოდი გააჭიანურა. ამ ზედმეტმა დიდმა მოლოდინმა მასზე ცუდად იმოქმედა. ხვიჩა მაქსიმალურად ეფექტურია როცა ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელია. ისე გამოვიდა, რომ მენტალურად იგი ბოლომდე თავისუფალი არ იყო და მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობდა. ამას ობიექტური მიზეზები გააჩნდა. 

ნოვგოროდთან  პენალტი ანდერსტრეერს უნდა შეესრულებინა, ხვიჩამ ინიციატივა გამოიჩინა და ვერ გაიტანა. ამაზე ყველაზე მეტად მე უნდა ვნერვიულობდე. გულახდილები ვიყოთ, მე 50 წლის ვარ, ხვიჩა 20-ის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაგება. ხვიჩამ იფიქრა, რომ თუ შეაგდებდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. გარკვეულწილად ეგოისტურადაც მოიქცა. 20 წლის ასაკში ყველა უშვებს შეცდომას, ხვიჩა სწორედ იმ ახალგაზრდულ შეცდომებს უშვებს, რომელზეც ფიქრობს, რომ მის ცხოვრებას შეცვლის. ვცდილობ მას ყველაფერი მაქსიმალურად ავუხსნა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველას მისი დახმარება გვინდა, გვინდა რომ ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდეს. ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს. ადრე ხვიჩა გვიანობამდე რჩებოდა ბაზაზე, დამატებით ვარჯიშობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ფანატიზმი გაქრა. ესეც ნორმალურია, ყველაფერი იცვლება. ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია. საკუთარ თავს უნდა ჰკითხო ყველაფერი მიეცი თუ არა ფეხბურთს და გაქვს თუ არა უფლება მისგან რამე მოითხოვო. იმედია ხვიჩა შეცდომებს მიხვდება და გამოასწორებს. 

იგი ქართველი გულშემატკივრების და მედიის კრიტიკას ძალიან განიცდის. მას ძალიან სურს ნაკრებს გამოადგეს. რუსული კრიტიკის მხრიდან იგი დაცულია. ჩვენ შეგვიძლია რუსული მედიისგან დავიცვათ, განსხვავებით ქართული პრესისგან. საქართველოში ბევრი ამბობდა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგა და ეს ფულთან არის დაკავშირებული. ხვიჩა ამას განიცდიდა. 

როცა ის საუკეთესო მატჩებს ატარებდა, ნებისმიერი დონის გუნდში გადასვლა შეეძლო. დღევანდელი ფორმით ალბათ რუბინის ძირითადშიც ვერ მოხვდება. ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე. ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ ნიჭიერი ფეხბურთელის მომავალზე უნდა ფიქრობდნენ. ჩვენ ხვიჩას წასვლის ან მისი ფორმის შესახებ 1 კომენტარიც არ გაგვიკეთებია. ჩვენ მას ვიცნობთ ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ. 

მის გარემოცვას და ზოგადად ქართველ გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ხვიჩასადმი წნეხს მოუკლონ. არ შეუშალონ კვარაცხელიას განვითარებაში ხელი. გვინდა ჩვენი ყველას გასახარად რომელიმე დიდ გუნდში თამაშობდეს. ყველაზე ბედნიერი ვიქნები როცა ჩავრთავ ტელევიზორს და რომელიმე დიდი გუნდის მაისურით ვნახავ. 

მას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. მეორე სეზონი პირველზე ბევრად რთულია. მეტოქეები ხვიჩას წინააღმდეგ სპეციალურ ტაქტიკაზე მუშაობენ, ამაზე თავად კვარაცხელიასთანაც ვსაუბრობ. მან უნდა გადააკეთოს საკუთარი თამაში. ყველამ იცის როგორ უნდა ითამაშონ რონალდუს და მესის წინააღმდეგ, თუმცა მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. თუ ხვიჩას კარგ ფეხბურთელობაზე აქვს პრეტენზია, მას უნდა ესმოდეს, რომ დიდ ყურადღებას მიაქცევენ. მან უნდა მოძებნოს ამის ანტიდოტი.”-განაცხადა სლუცკიმ კვარაცხელიაზე საუბრისას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *