ლეო მესიმ მის ყოფილ თანაგუნდელ და ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელზე ტიერი ანრიზე ისაუბრა. არგენტინელმა ის პერიოდი გაიხსენა როცა ანრი ბარსელონაში გადავიდა.
“როცა ანრი პირველად ბარსელონას გასახდელში ვნახე, მისთვის თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი. ყველაფერი ვიცოდი თუ რას აკეთებდა ინგლისში და ერთ მშვენიერ დღეს გუნდელები გავხდით. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის ამ ყველაფერს ბუნებრივად აკეთებდა.”-ციტირებს მესის სიტყვებს Mirror-ი.
მესი და ანრი ბარსელონაში ერთად 2008-10 წლებში თამაშობდნენ. ფეხბურთელებმა ბლაუგრანას რიგებში ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა (2), უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგეს.
ტიერი ანრი ამჟამად ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტია. რაც შეეხება მესის, არგენტინელმა წელს ზაფხულში ბარსელონა დატოვა და პსჟ-ს ღირსებას იცავს.