რომელუ ლუკაკუმ ინტერის უფროსობას ჩელსიში წასვლის უფლება სთხოვა.
ჩელსიმ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს. ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად.
ჩელსისა და ტოტენჰემის ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებმა დასავლეთლონდონელთა გერმანელ მწვრთნელს თომას ტუხელს ბელგიელის შესახებ ჰკითხეს. მან უშუალოდ ლუკაკუზე ლაპარაკს თავი აარიდა, მაგრამ თქვა, რანაირი ფეხბურთელი სჭირდება მომავალი სეზონისთვის:
„სხვა კლუბების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მჩვევია. ლუკაკუ ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ ის ინტერის წევრია და მის შესახებ ვერაფერს გეტყვით. როგორი სტილის თავდამსხმელის დამატება მინდა? ოლივიე ჟირუს გაყიდვის შემდეგ, ჩვენ დაგვაკლდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მეტოქის კარისკენ ზურგით დგომა და შორიდან მიწოდებული ბურთის მიღება. ამიტომ, სიამოვნებით ვიყიდიდი ასეთ ფორვარდს. ამ სტილის ფეხბურთელი დღეს ჩვენ არ გვყავს“, – თქვა ჩელსის თავკაცმა და აშკარად ლუკაკუზე მიანიშნა…
შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუ ჩელსიში 2011-2014 წლებში თამაშობდა და იმ პერიოდში ლურჯი მაისურით სულ 10 მატჩი ჩაატარა.