“დალასის” გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი 60+ ქულით, 20+ მოხსნით და 10+ შედეგიანი გადაცემით შეასრულა.
“მავერიქსმა” ოვერტაიმში “ნიქსი” 126:121 დაამარცხა, სლოვენიელი ფენომენის ანგარიშზე კი 60 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი გახლდათ.
23 წლის ლუკამ თამაშიდან 31 ბურთი ესროლა, საიდანაც 21 ჩააგდო. დონჩიჩმა პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ორჯერ ზუსტი სროლა გამოუვიდა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 22 ერთქულიანი შეასრულა და 16-მა უწია მიზანს.
დონჩიჩმა პარკეტზე 47:09 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
ძირითადი დროის დასრულებამდე 33 წამით ადრე “დალასი” 9 ქულას აგებდა და პრაქტიკულად განწირული იყო, თუმცა ლუკას ჯადოსნური ასპარეზობის ფონზე “მავერიქსმა” ეს სხვაობა დაქაჩა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ლუკამ საჯარიმო სროლა სპეციალურად გააფუჭა, თვითონვე მოხსნა ბურთი და კალათში ჩააბრუნა 115:115.
“დალასმა” დამატებითი 5 წუთეული 11:6 მოიგო, ხოლო მაყურებელი კი ფეხზე წამოუდგა ლუკას და ტაშის ცემით გააცილა სლოვენიელი დარბაზიდან.
NBA-ს უმდიდრეს ისტორიაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ქონდა შესრულებული სამმაგი დუბლი 50+ ქულით, 20+ პასით და 10+ შედეგიანი გადაცემით – უილტ ჩემბერლენს (1963, 1968) და ელჯინ ბეილორს (1961).
დონჩიჩმა თავისი პირადი რეკორდები დაამყარა როგორც ქულებში, ასევე მოხსნებში. ლუკას წინა რეკორდი 1 მატჩში აღებული ქულების მიხედვით 51 გახლდათ (2022 წლის 10 თებერვალი), ხოლო ერთ მატჩში შესრულებული 20 მოხსნა (საკრამენტოსთან 4 აგვისტოს, 2020 წელს) დღემდე მის პირად საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.