ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მესამე ტურის ოცნების გუნდი დაასახელა. მასში ქართველი შერკინების ბურჯი ლუკა ჯაფარიძე მოხვდა, რომელიც ბრივის ღირსებას იცავს.
ბრიველებმა, რომლის შემადგენლობაშიც ჯაფარიძის გარდა, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე თამაშობენ, შინ დაამარცხეს ბექა გორგაძის პო – 30:13. ჯაფარიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, რაც შერკინების ბურჯების შემთხვევაში ძალიან იშვიათად ხდება. ოცნების გუნდში მის გარდა კიდევ სამი ბრიველი მოხვდა.
სამი ტურის შემდეგ ბრივს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.