მათე ვაწაძე: რომ შემეძლოს კარიერაში ბევრ რამეს შევცვლიდი, საკუთარ თავს მეტს მოვთხოვდი

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე უგუნდოდ არის. მას არაერთ გუნდში უთამაშია, გამორჩეული პერიოდები კი გორის დილაში და ორჰუსში ჰქონდა. ვაწაძემ საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად 2009 წელს 20 წლის ასაკში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო, სულ კი 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

33 წლის ფორვარდს თბილისში შევხვდით და არაერთ თემაზე ვრცლად ვესაუბრეთ. საქართველოს ნაკრები, დილაში წარმატებული პერიოდი, ორჰუსი, გულისწყვეტა, დებიუტი იტალიის ნაკრებთან…

– როგორც ვიცი უგუნდოდ ხარ, თუ გაქვს რამე შემოთავაზებები?

– რაღაც ვარიანტები არის, თუმცა კონკრეტული არაფერი. ქართული კლუბებიდან არავინ შემხმიანებია. ამჟამად გაგრასთან ერთად ვვარჯიშობ, რათა ფორმა შევინარჩუნო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო.

– 2.5 წელი გაატარე უზბეკეთში, რა გამოცდილება შეგძინა ამ ქვეყანაში გატარებულმა პერიოდმა?

– როგორც ფეხბურთელმა ვერ გეტყვი, რომ რამე განსაკუთრებული შევიძინე. უზბეკეთს თავისებური ჩემპიონატი აქვს. როცა უცხო ქვეყანაში მიდიხარ სათამაშოდ, გინდა ალღო მალე აუღო. უზბეკეთი საბჭოური ქვეყანაა და მენტალურად ახლოს არის ჩვენთან. ამან საქმე გამიადვილა. ევროპისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.

– ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, კარიერის პირველი ნაბიჯები თბილისის დინამოში გადადგი. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს?

– მაშინ რაღაცეებს ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი, იმ ხანად ყველაფერს ემოციებით და სიყვარულით ვაკეთებდი. როცა ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში თამაშობ, უფლება არ გაქვს მოდუნდე. ყველანაირ რისკზე მიდიხარ, არც ტრავმა გაინტერესებს არაფერი. ამ გამოცდილებით ცოტა სხვანაირად მივუდგებოდი საქმეს, მაგალითად რაღაც მომენტში შეიძლება თავი დაზოგო, რომ შემდეგ ტრავმა არ მიიღო და 1 წელი არ გაგიცდეს. დინამოს დიდ მადლობას ვუხდი, მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებს ფეხბურთში გზა გაგვიხსნა. მე, ლორიას, მერებაშვილს, კობახიძეს და კიდევ ძალიან ბევრს. ასევე იყვნენ გამოცდილი ფეხბურთელები დიღმელაშვილი, ოდიკაძე, ბობოხიძე, იაშვილი რომლებიც გვერდში გვედგნენ.

– ცრვენა ზვეზდასთან თამაში გავიხსენოთ… თბილისში მოგებული 2:0-ის შემდეგ, სერბეთში 2:1-ს იგებდით, თუმცა გამოვარდით. რა მოხდა რეალურად?

– დინამო არენაზე ჩატარებული შეხვედრა სასწაული იყო. დიდ გუნდს ვხვდებოდით, ფავორიტები იყვნენ. მიუხედავად ამისა კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ, თამაშის შემდეგ ბედნიერებისგან შოკში ვიყავით. ამ მოგებაში თავისი წვლილი გულშემატკივრებმაც შეიტანეს. რაც სერბეთში მოხდა ეს გამოუცდელობის ბრალი იყო. ძირითადში ბევრი ახალგაზრდა ვიყავით, მე, ლორია, კაკუბავა, ფირცხალავა და სხვები. იქაც ყველაფერი კარგად დაიწყო, 2:1-ს ვიგებდით. დღემდე არ ვიცი რა მოხდა. თითქოს ნაადრევად ვიზეიმეთ გამარჯვება. თითქოს ნაადრევად მოვდუნდით, ახლაც მიჭირს მაგის გახსენება. 89-ე წუთზე გავუშვით ბოლო გოლი და მუხლები მოგვეკვეთა.

– რა ხდებოდა თამაშის შემდეგ გასახდელში?

– ასაკის და სტატუსის განურჩევლად ყველა ტიროდა. ეს თამაში არასდროს დამავიწყდება. თან მეორე ტაიმში მენისკი გამიწყდა და თამაში მენისკ გაწყვეტილმა გავაგრძელე.

– მას შემდეგ იყო ტრავმები და შემდეგ რუსეთში ვოლგასთან კონტრაქტი… იქაც ბევრჯერ მიიღე ტრავმა. როგორ ფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო?

– ტრავმიანობისას მართლაც რთული პერიოდი გავიარე. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, ყველა ჩემზე წერდა, აგენტები მიკავშირდებოდნენ, კლუბებისგან დაინტერესება იყო და შემდეგ ყველა გაქრა, პრესაც, აგენტებიც, კლუბებიც. ეს ფსიქოლოგიურად იყო ურთულესი. ამ დროს მამუკა ჯუღელი დამიდგა გვერდში და ვოლგაში გადავედი. რაც შეეხება არჩევანის სისწორეს, არ ვნანობ, რომ ვოლგაში გადავედი. ის პერიოდი მედგა, რომ რაღაც ახალი მინდოდა, მსურდა ბედი უცხოეთში მეცადა და ვფიქრობ სწორად მოვიქეცი.

– კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი გორის დილაში თამაშისას გქონდა. თასის მოგება, წარმატებები ევროტურნირებზე. როგორ გაიხსენებ ამ დროს?

– როცა ვოლგადან წამოვედი, კარიერის გაგრძელებას ევროპაში ვაპირებდი. მამუკამ მთხოვა რამდენიმე თვე გორის დილაში დამეხმარაო. დავთანხმდი, მინდოდა დილას დავხმარებოდი და შემდეგ ევროპაში წავსულიყავი. ძალიან მალე ძალიან კარგი გუნდი შეიკრა. ჯერ ორჰუსის ბარიერი გადავლახეთ, შემდეგ ანორთოსისი და ბოლოს მარიტიმუსთან გამოვვარდით. კვიპროსში 3:1-ს ვიგებდით, როცა გულშემატკივრებმა თამაში ჩაშალეს. ჩვენ გასახდელში ვიყავით და რამდენიმე საათი გარეთ არ გვიშვებდნენ, რადგან მათი ფანები გაგიჟებულები იყვნენ. ეს თემურ ქეცბაიამ გაიგო, რომელიც თამაშის შემდეგ ვახშამზე გველოდებოდა. თემური მოვიდა, ფანების წინ დადგა, ბერძნულად რაღაც უთხრა, ხალხი ორად გაიყო და გაგვატარეს. დღემდე არ ვიცი რა უთხრა ქეცბაიამ ანორთოსისის გულშემატკივრებს, თუმცა იქიდან ტაშით გამოგვაცილეს. რაც შეეხება მარიტიმუს, ძლიერი გუნდი იყო. მახსოვს მომენტები სახლის და გასვლით თამაშზეც გვქონდა. თბილისში განმეორებითი შეხვედრა კარგად დავიწეთ, პირველ 20 წუთში შევუტიეთ და გოლი რომ გაგვეტანა არავინ იცის შემდეგ რა მოხდებოდა.

– პორტუგალიურ გუნდთან თამაშიდან მალევე ორჰუსში წახვედი. ყველაზე მეტად რამ გაგაოცა დანიაში ჩასული?

– იდეალური გარემო დამხვდა. ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ფეხბურთი გეთამაშა. 2 ქართველი დამხვდა დავით დევდარიანის და დავით სხირტლაძის სახით და ეს ძალიან დამეხმარა. დანიაში სულ სხვა კულტურაა. ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ რობოტული მიდგომა დამხვდა. რასაც იტყოდნენ გამორიცხული იყო, რომ გადაეხვიათ. სულ ერთი და იგივეს აკეთებდნენ, არსად ჩქარობდნენ და შედეგიც მოდიოდა. ყველა დავალებას დეტალურად ასრულებდნენ, გამონაკლისების გარეშე.

– რამდენად რთული იყო ამასთან შეგუება?

– თავიდან რთული იყო, თუმცა ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ ამას შედეგი მოჰქონდა. შემდეგ მეც ამ ტემპს ავყევი და მეც დამეხმარა. ჯობია პატარა ნაბიჯები გადადგა და ადრე თუ გვიან მიზნამდე მიხვიდე, ვიდრე უცბად დიდი ნაბიჯი გადადგა და ჩავარდნები გქონდეს. ორჰუსში დებიუტი ნორჩელანდთან მქონდა, რომელსაც დანიის ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი წვრთნიდა. პირველივე თამაშზე ვიფიქრე ესენი თუ ესე თამაშობენ, მე რა უნდა ვქნა მეთქი. თუმცა როგორც გითხარით შემდეგ ალღო ავუღე.

– შემდეგ ისევ ტრავმა და დიდხნიანი პაუზა…

– ერთერთ თამაშზე კოჭი მოვიტეხე. ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციაში ვიყავი. ყველა ტრავმა ცუდია, თუმცა მოტეხილობა მაინც განსაკუთრებით. იმ დღესვე ოპერაცია გავიკეთე. მაგ პერიოდში მეგობრები და გუნდი ძალიან დამეხმარნენ. ორჰუსს ფსიქოლოგები ჰყავდა და ისინიც მეხმარებოდნენ ინდივიდუალური საუბრებით. ვგრძნობდი, რომ დანიურ რიტმს გადავყევი. თავის დროზე მეც რაღაცეები დავაკელი, ენა კარგად არ ვიცოდი და დეტალურად არ მესმოდა რა და როგორ გამეკეთებინა და ამ ყველაფერმაც გამოიწვია ეს ტრავმა.

– ორჰუსი 2016 წელს დატოვე, არა და 1.5 წლიანი კონტრაქტი კიდევ გქონდა…

– კი, ასეა. როცა გამოვჯანმრთელდი და ჩვეულებრივად დავიწყე ვარჯიში, თავიდან არ მათამაშებდნენ და ეს მწყინდა. რაღაცები ჩემი ბრალი იყო, თუმცა შემდეგ მწვრთნელთან კონფლიქტი მქონდა და გუნდის დატოვება მომიწია. იშვიათად მათამაშებდა, თასის ფინალამდე 3 დღით ადრე 30 წუთი ვითამაშე, მესაუბრა და მითხრა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ჩემით, შემდეგ კი რატომღაც თასის ფინალზე 20 კაციან განაცხადშიც არ მოვხვდი. ამან უთანხმოება გამოიწვია და გუნდი დავტოვე.

– სანაკრებო ამბებზეც გადავიდეთ… ეროვნულ გუნდში დებიუტი 20 წლის ასაკში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გქონდა. რას გრძნობდი, როცა მოედანზე გადიოდი, თანაც ლეგენდარული ფეხბურთელების წინააღმდეგ?

– მახსოვს მე და ჯანო ანანიძეს გვქონდა დებიუტი, ჯანო შევცვალე 69-ე წუთზე. ვერ გადმოგცემთ იმხელა ბედნიერება იყო ჩემთვის საქართველოს ნაკრებში დებიუტი, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ. კანავარო და კიელინი იდგნენ ცენტრში, კანავაროსკენ გადავედი, რადგან ვიფიქრე შედარებით დაბალია და გამიადვილდებათქო, პირველივე საჰაერო ორთაბრძოლისას მივხვდი რომ აზრი არ ქონდა და ისევ კიელინის მხარეს გადავედი. უცებ არაფრიდან ესეთ დონეზე მომიწია თამაში. ემოციებით სავსე ვიყავი.

– რომელი იყო ნაკრებში შენთვის გამორჩეული თამაში?

– შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველა სანაკრებო თამაში განსაკუთრებულია. შენი ქვეყნის ნაკრებია, ამაზე მაღალი დონე არ არსებობს. ეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების გუნდია, ამხელა პატივი გხვდა წილად, რომ ამ გუნდში ითამაშო. თუ გამორჩევაზე მიდგება საქმე, პოლონეთში 0:4 წაგებულ შეხვედრას გამოვარჩევ, ოღონდ ცხადია ცუდი კუთხით. ვერც მე ვითამაშე, ვერც ნაკრებმა. მახსოვს 3 დღით ადრე უკრაინასთან მქონდა გატანილი. 88-ე წუთზე ანგარიში 1:0 იყო, შემდეგ ლევანდოვსკიმ 3 შეაგდო.

– 2010 წელი იყო როცა პირველად უცხოეთში წახვედი სათამაშოდ? 11 წელზე მეტი გავიდა, ხედავ პროგრესს ჩვენს ჩემპიონატში?

– უცხოეთში თამაშისას როცა დრო მქონდა ხშირად ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატს. პროგრესი რაღაც კუთხით არის, თუმცა რაღაც კუთხით ერთ ადგილზე ვართ. ვვითარდებით, თუმცა ძალიან ნელა. მთავარ პრობლემად მენეჯმენტი მიმაჩნია. მე და ჩემს თაობას, თუნდაც ჩვენზე დიდებს ან პატარებს, თუ ფეხბურთში დარჩენა გვსურს, საფეხბურთო განათლება უნდა მივიღოთ, რომ შემდეგ ჩვენი გამოცდილებით ქართულ ფეხბურთს დავეხმაროთ. ფეხბურთი დიდი ბიზნესია, მხოლოდ სხვისი ყურებით არაფერი გამოვა თუ პრაქტიკაში არ გადმოვიღეთ. სამწუხაროა, რომ ევროტურნირებზე ვერ გავდივართ. მგონი ერთადერთი გამონაკლისი ვართ, რომლის ერთი გუნდიც კი არ იყო თუნდაც კონფერენს ლიგაზე. დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, გორის დილა ამას არ იმსახურებენ. დილას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. როცა უზბეეკეთში ვთამაშობდი, შეკრებაზე შევხვდით, ბურთი ფაქტობრივად სულ მათ ჰქონდათ  და ძალიან კარგად ითამაშეს.

– საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებ?

– სხვათა შორის ამ თემაზე ბოლო დროს დავფიქრდი. ჯერ ზუსტად არ ვიცი. იმას დაზუსტებით გეტყვით, რომ ფეხბურთში ვიქნები.

– სპორტულ დირექტორად უფრო ხედავ შენს თავს თუ მწვრთნელად?

– ვნახოთ, ჯერ დანამდვილებით მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა.

– დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი შენს კარიერაში?

– ბევრ რამეს, ჩემზე გამოცდილ ადამიანებს უფრო მეტს მოვუსმენდი და გავითვალისწინებდი მათ რჩევებს, უფრო პროფესიონალურად მივუდგებოდი საქმეს. მეტად ვეცდებოდი რასაც ვაკეთებდი უფრო სწორად გამეკეთებინა. ნიჭი რაღაც დოზით ყველა ფეხბურთელს აქვს. ამ ნიჭს თუ საკუთარ თავზე შრომა არ დაამატე, არაფერი გამოვა. ყველაზე დიდი ნიჭი ჩემი აზრით სწორედ შრომისმოყვარეობაა. ნიჭი რაღაც დონემდე გათამაშებს, თუმცა შემდეგ ვეღარ განვითარდები.

– დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებზე რას ფიქრობ?

– გულწრფელად ვამბობ ამ გუნდს პოტენციალი აქვს. ახალგაზრდების და გამოცდილების ძალიან კარგი სინთეზია. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომ ხარ და ნაკრებში თამაშობს, უნდა უყურო კაშიას, კანკავას, ლორიას, ოქრიაშვილს და რომც არაფერი ჰკითხო უნდა უყურო როგორ ემზადებიან ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, თამაშიდან თამაშამდე. და მათგან ბევრი უნდა ისწავლო. ოქრიაშვილი ცალკე თემაა, მისი თამაში ძალიან მომწონს. გარდა ამისა ხშირად ვუყურებდი მის თამაშებს ბელგიაში, შემდეგ ერთად ჩამოვდიოდით და ნაკრებში მისი მონდომება და თამაში რადიკალურად განსხვავდებოდა კლუბში თამაშისგან. მისი ყურება ერთი სიამოვნებაა.

– კაშია ახსენე და მინდა მასზეც გკითხო, რადგან წლებია მეგობრობ. როგორი იყო ადრეულ ასაკში?

– გურამი თავიდანვე მიზანდასახული გახლდათ. არასდროს უთქვამს იმედია ამას მივაღწევო, კაშოს უნდოდა ჯერ დინამოში დაემკვიდრებინა ადგილი, შემდეგ უცხოეთში წასულიყო, იქ გამხდარიყო ლიდერი, ნაკრებში ეთამაშა, უცხოეთში ტიტული მოეგო. გურამმა მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწია და ამან შედეგი გამოიღო. კაშოს ალბათ არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ მასზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, თუმცა ვერაფერი ითამაშეს, გურამმა კი მიზანდასახულობით ამდენს მიაღწია. წარმტებიდან წარმატებამდე მიდიოდა და არ ჩერდებოდა. გახსოვთ ალბათ ერთი პერიოდი გურამი ლოკომოტივში თამაშობდა და მაშინ ნაკრებში ჩემი აზრით სწორედ კაშია იყო საუკეთესო. ზლატანის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის და გურამმა როგორ ითამაშა ვნახეთ.

– კარიერის მანძილზე რომელ მწვრთნელს გამოარჩევ?

– ყველასგან რაღაც ვისწავლე. ქართველებს თუ ვიტყვით კახა კაჭარავა, რადგან თავის დროზე თვითონაც თავდამსხმელი იყო და როგორც ფორვარდი მისგან რაღაცებს ვსწავლობდი, ასევე ჩერიშევი, რომელთანაც ვოლგაში ვმუშაობდი და რომელიც ძალიან დამეხმარა.

– ვინ იყო შენთვის მოედანზე საუკეთესო პარტნიორი?

– სანაკრებო დონეზე ჯანო ანანიძე, საკლუბოზე დავით სხირტლაძე. ბევრი კარგი პარტნიორი მყოლია, თუმცა ისინი დავასახელე, ვისთანაც პოზიციურად ახლოს მიწევდა თამაში.

– კანავაროზე და კიელინიზე უკვე ვისაუბრეთ, კიდევ რომელი მცველის წინააღმდეგ გაგიჭირდა ყველაზე მეტად თამაში?

– როცა პარიზში საფრანგეთს შევხვდით, რაფაელ ვარანს ჰქონდა დებიუტი. მას გამოვარჩევ, უძლიერესი მცველია და უდაოდ გამორჩეული მათ შორის ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ასევე ჰუმელსის და ბოატენგის წყვილს გამოვყოფ.

– წეღანაც ვისაუბრეთ, რომ შენს კარიერაში ხშირი იყო ტრავმები. ტრავმები რომ არა რა იქნებოდა შენი მაქსიმუმი?

– რთულია ამაზე საუბარი. ტრავმებმა ჩემზე მეტად მჭედლიძეს, ანანიძეს, ყენიას, ჭანტურიას და სხვებს უფრო შეუშალა ხელი. თუნდაც ჩაკვეტაძე, თუმცა გიორგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იმედია ფორმაში შევა და დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

– ახალგაზრდა ფეხბურთელებს რა რჩევას მისცემ?

– ყველაფერი დროებითია. მაქსიმუმი გააკეთონ, ისიამოვნონ ამ დროით. როცა ნაკრებში ითამაშებენ, ორმაგად და სამმაგად დაიხარჯონ ეროვნული გუნდისთვის. ნაკრები სხვაა.

Leave a comment

Your email address will not be published.