მაიკლ პორტერი და „დენვერი“ შეთანხმდნენ რომ გაახანგრძლივებენ კონტრაქტს.
23 წლის კალათბურთელი „ნაგეთსთან“ 5 წლიან, მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც პორტერს შეუძლია 207 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს – ინფორმაციას ავრცელებს ედრიან ვოჟნაროვსკი.
ახალი კონტრაქტის პირობების მიხედვით მაიკლს მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში გარანტირებული ექნება 172 მილიონი, დანარჩენი თანხის გამომუშავება კი უკვე ბონუსების სახიტ მოხდება, თუ ახალგაზრდა კალათბურთელი მოხვდება ნბა-ს სეზონის სიმბოლურ ხუთეულებში.
შეგახსენებთ, რომ პორტერი 2018 წლის დრაფტზე „დენვერმა“ მე-14 პიკად აირჩია, თუმცა პირველი სეზონი სრულად გამოტოვა ზურგის ტრავმის გამო.
მაიკლი 2018 წლის დრაფტიდან გახდა მეოთხე მოთამაშე, რომელმაც მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა ნბა-ს კლუბთან – ლუკა დონჩიჩი („დალასი“), ტრეი იანგი („ატლანტა“) და შეი გილიჯეს ალექსანდერი („ოკლაჰომა’).
2020/21 წლების რეგულარულ სეზონში პორტერმა ჯამში 61 მატჩი ჩაატარა (54 სასტარტოში) და მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა – 19 ქულა, 7.3 მოხსნა და 1.1 შედეგიანი გადაცემა.
პლეიოფის სტადიაზე, „ნაგეთსი“ კომფერენციის ნახევარფინალში გავიდა. მაიკლმა 10 მატჩი ჩაატარა და 17.4 ქულას, 6.2 მოხსნა და 1.3 შედეგიან გადაცემას გამოიმუშავებდა საკუთარი გუნდისთვის.