მამლის ყივილი არ წყდება

საფრანგეთი ნახევარფინალშია და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ იყურება. შანსიც მშვენიერი, რადგან გუნდი ჰყავთ მშვენიერი (სხვების ფონზე).

ორელინ ჩუამენიმ დაიწყო შორიდან გასროლილი ყუმბარით და ზოგადად, ნახევარდაცვაში ინგლისს ვერ ჰქონდა უპირატესობა, როგორც ამას ელოდნენ: ჩუამენი-რაბიოს წყვილი ძალიან ბევრს მუშაობდა და მათ გრიზმანიც ეხმარებოდა. მართალია, ინგლისსაც მხეცივით ცენტრალური ნახევარმცველები ჰყავთ (ბელინგემი-რაისი-ჰენდერსონი), მაგრამ მაინც აგვიანებდნენ ბევრ მომენტში. განსაკუთრებით ეს ჰენდერსონს ეხება.

და მაინც ინგლისს თავისუფლად შეეძლო არ წაეგო: ჰარი კეინს ფანებისკენ რომ არ დაერტყა ბურთი პენალტიდან… პირველი პენალტი გამოიყენა, აი 84-ე წუთზე კი ვეღარ. ძალიან გამწარებული იყო კეინი.

თუმცა ინგლისის ნაკრები ისე გავარდა, როგორც მეტწილად ვარდება – გადამწყვეტ მომენტში რომელიმე ფეხბურთელმა დიდი შეცდომა უნდა დაუშვას, ან რაიმე კურიოზი უნდა მოიფიქროს. ამჯერად კეინი გამოდგა ასეთი – მართლაც მაგარი ფორვარდი, მაგრამ…

პარადოქსულია, მაგრამ მეორე ტაიმში ინგლისელთაგან ყველაზე მეტი შანსი ჰარი მაგუაირმა შექმნა. ჯერ თავურით, ხოლო მერე სულ ბოლო წუთზე სახიფათო საჯარიმო მოიპოვა და მარკუს რაშფორდმა ოდნავ ააცილა…

 საუკეთესო

ანტუან გრიზმანი. საფრანგეთის ნაკრებში მუდმივად დიდი ძალაა. მისმა ტვინმა დღესაც გაჭრა. თამაშის რიტმის კონტროლი, პასები და საბოლოოდ ის გადამწყვეტი ჩაწოდებაც, რასაც ჟირუს გოლი მოჰყვა. თანაც, გრიზმანს ნაკრებში 28 საგოლე პასი მოუგროვდა და გაუსწრო დიდებს – ზინედინ ზიდანსა და ტიერი ანრის.

ინგლისი – საფრანგეთი 1:2

გოლები: 0:1 ჩუამენი (17), 1:1 კეინი (54 პენ), 1:2 ჟირუ (78)

გაფუჭებული პენალტი: კეინი (84, ააცილა)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *