მამლებმა “წყევლა” მოხსნეს

მარადიული ქალაქი, რომი ბატებმა როგორ გადაარჩინეს ვიცოდით, ახლა “მამლების” შესახებაც ვიცით – როგორ მოხსნეს მსოფლიო ჩემპიონის “წყევლა”. მოგეხსენებათ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონიდან მოყოლებული, ტრიუმფატორი (იტალია; ესპანეთი, გერმანია) ჯგუფში ჩარჩა. ფრანგებმა ორ ტურში 6 ქულა აიღეს და პლეი ოფ-ის საგზური გაინაღდეს.

უშანსოდ დანიელები არ ყოფილან, ეს ანგარიშიდანაც ჩანს (2:1), თუმცა ლურჯების დომინაცია თვალსაჩინო იყო და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც სრულიად კანონზომიერი იქნებოდა. ამდენი ტრავმის მიუხედავად (კანტე, ბენზემა, პოგბა, კიმპემბე, ლუკას ერნანდესი), ასეთი თამაშით, ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად რჩებიან.

რაც შეეხება სამატჩო პერიპეტიებს: გრიზმანი დაცვასა და შეტევას  აკავშირებდა, ტეო ერნანდესი და კილიან მბაპე კი მარცხენა ფლანგზე დათარეშობდნენ. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა – პირველი მბაპემ გაიტანა, ერნანდესთან ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, რასაც კრისტენსენმა თავური დარტყმით უპასუხა. 86-ე წუთზე, გრიზმანის დიდებული ჩაწოდების შემდეგ, მბაპემ მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 2:1

მატჩის გმირი

რა თქმა უნდა, საუკეთესო მბაპე იყო. პირველი შეხების შემდეგ, მცველები მხოლოდ მის ნომერს ხედავდნენ. მისი ტექნიკა და მოედნის ხედვა იდეალურია – მხოლოდ ერთ მომენტში, 2:1-ზე, მარკუს ტურამისთვის პასის მიცემა მართებდა.

ინტრიგა: ბოლო ტურში, ერთმანეთს ავსტრალია და დანია შეხვდებიან. სკანდინავიელებისთვის გადასასწრებად, “კენგურუებს” ხელს ფრეც აძლევთ…

საფრანგეთი 2:1 დანია

’61 – მბაპე

​’68 – კრისტენსენი

86′ – მბაპე

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *