ლას ვეგასში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. მესამე ტურში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ 64:91 განადგურდა „მინესოტასთან“ და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტზე „თიმბერვულვზი“ 26:18 „გაექცა“ მეტოქეს. ბრწყინვალედ თამაშობდა ჯეილენ ჰოუელი, რომლის ზუსტი სროლების ფონზე „მინესოტამ“ პირველი ტაიმი 53:32 მოიგო.
მესამე მეოთხედში „ბაქსმა“ თითქოს გამოასწორა სიტუაცია, როდესაც 13 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა უკანასკნელ 10 წუთეულში მაკდენიელსმა საკთარ თავზე აიღო ლიდერობა და „მინესოტას“ კომფორტული გამარჯვება მოაპოვებინა.
სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკის“ ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე სოლიდური – 26 წუთი გაატარა. ქართველ ფორვარდს არ წაუვიდა ტყორცნები – 8 მცდელობიდან ერთადერთი ბურთი ჩააგდო კალათში და შეხვედრა 4 ქულით, 6 მოხსნით 2 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა.
იმ პერიოდში, როდესაც მამუკელაშვილი პარკეტზე იმყოფებოდა, „ბაქსი“ 22 ქულიანი სხვაობით დამარცხდა მეტოქესთან.
“მილუოკის” რიგებში თამაში არავის არ წაუვიდა – ჯორდან ნვორამ 13 ნასროლი ბურთიდან მხოლოდ 2 ჩააგდო (11 ქულა), პინსონმა კი შეხვედრა 0 ქულით დაასრულა.
„მინესოტას“ რიგებში გაიბრწყინა ჯეილენ ნოუელმა, რომელმაც 28 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.17 ქულა ჩააგდო მაკდანიელსმა, 12 – ბრაუნრიჯმა.
3 ტურის შემდეგ ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე დაუმარცხებელი 6 გუნდი დარჩა – „ბოსტონი“, „მინესოტა“, „ნიუ ორლეანი“, „საკრამენტო“, „ფილადელფია“, „იუტა“.