კამერუნში მიმდინარე აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშების მერვედფინალში, სენეგალმა კაბო-ვერდეს 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მალისა და ეკვატორიული გვინეის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ერთ ეპიზოდში სენეგალის ნაკრების კაპიტანი და ლივერპულის ვარსკვლავი, სადიო მანე, შეტევისას მეტოქე მეკარეს, ჟოსიმარ ვოზინიას შეეჯეხა. ერთმანეთს თავები მიარტყეს.
თამაში ორივემ გააგრძელა და მანემ გოლიც გაიტანა.
მატჩის შემდეგ, პრევენციის მიზნით, მანე ჰოსპიტალში წაიყვანეს და თავზე ყინული დაადეს. სახიფათო არაფერია, სადიო მეოთხედფინალში ითამაშებსო, – დაწერეს ჟურნალისტებმა.
სად იყო და სად არა, იქვე გაჩნდა ვოზინიაც… რომელიც ასევე საავადმყოფოში წაუყვანიათ. კოლეგებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და ტვიტერში გამოაქვეყნეს წარწერით: „სენეგალი კაბო ვერდეს წინააღმდეგ, მინდორზე და ჰოსპიტალში.“